ბექა ოდიშარია: კიდევ კარგი, ჩვენი „ენჯეო“ სექტორი პარიზში არ მოღვაწეობს, თორემ დარწმუნებული ვარ, რომის პაპს, ყველა ქვეყნის კათოლიკე, პროტესტანტ ეპისკოპოსებს ევროპის კონტინენტსა თუ აშშ-ში რუსული ეკლესიის ნაწილად შერაცხავდნენ

ბექა ოდიშარია: კიდევ კარგი, ჩვენი „ენჯეო“ სექტორი პარიზში არ მოღვაწეობს, თორემ დარწმუნებული ვარ, რომის პაპს, ყველა ქვეყნის კათოლიკე, პროტესტანტ ეპისკოპოსებს ევროპის კონტინენტსა თუ აშშ-ში რუსული ეკლესიის ნაწილად შერაცხავდნენ

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „საერთოდ არ არსებობს“ ლგბტ პროპაგანდა და ბუნებრივია, რომ „საერთოდ არ არსებობს” მისგან მომდინარე საფრთხეები! აი, ეს არის ჩვენი ყოფის ტრაგიკომიკური რეალობა, რომელსაც თავს გვახვევენ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

იგი აღნიშნულით პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, საიდუმლო სერობის თემატიკის შეურაცხმყოფელი სახით წარმოჩენის ფაქტს ეხმიანება.

„ლგბტ პროპაგანდის გულმხურვალე ქართული მე-5 კოლონის ზოგიერთ წარმომადგენელს და მათ მხარდამჭერებს ძალიან მოკლე დროში, „აღმოაჩნდათ” სითამამე, თავხედები(!) კი ყოველთვის იყვნენ, არ დაელოდნენ მსოფლიო საქრისტიანოს შოკიდან გამოსვლას და უსირცხვილოდ დაიწყეს მარცხნივ-მარჯვნივ ლგბტ თემის აგრესიული ნაწილისა და მათგან მომავალი პროპაგანდის გამათეთრებელი „არგუმენტების” გავრცელება. თურმე, „პრაიდი” ქართულად სიამაყეს ნიშნავს და მისი „თანამედროვე” შინაარსი არ წარმოადგენს არანაირ საშიშროებას საზოგადოებისთვის(?!). უკვირთ, რატომ გვიქმნის ეს „სათაური” პრობლემას. ისე, პრაიდი ყველა ენაზე სიამაყეს ნიშნავს! ცისარტყელაც სულიწმიდის სიმბოლოა ცნობისათვის!
სწორედ ამიტომ არის ის უხეში ექსპლუატაციის საგანი.

სულიწმიდის სიმბოლოს გამოყენებით სულიწმიდის, რომელიც ადამიანების სულში, გულში სიმშვიდეს, სათნოებას და სიყვარულს სთესს, ცდილობენ და გამოსდით კიდეც ფარულად შეიტანონ ადამიანების პირად სამყაროში საკუთარი სიბილწე და გესლი, როგორც ამას ლამაზი სათაურებით შეფუთულ-შემკულ კონფერენციებზე ახერხებენ ადგილობრივი ზოგიერთი „ენჯეოები“ სხვადასხვა დონორების დახმარებით.
სათაური „ადამიანის უფლებების დაცვა“ - სინამდვილეში დახურულ კარებს მიღმა კი შინაარსი „ლგბტ აქტივისტების და აქტივობების მხარდაჭერა/პედალირებაა“

ჯვარიც უდიდესი ქრისტიანული სიმბოლოა, თუმცა გერმანელმა ფაშისტებმა ის შებილწეს და შერყვნეს. ყველა ბრუნვაში გამოიყენეს, რათა თავიანთი სიკვდილის მომასწავებელი მუნდირები და სიმბოლიკა გაეპატიოსნებინათ.

აი, ეს არის ლგბტ პროპაგანდის მთელი ანატომია, მისი ზნე და ქცევის ხასიათი. ახლაც ლეონარდო და ვინჩის ეს მსოფლიო შედევრი „საიდუმლო სერობა”, რომელიც ასახავს ქრისტიანული რელიგიის საფუძველთა საფუძველს - მოახერხეს ამ ბინძურებმა, გაბედეს და სათავისოდ მოიხმარეს.

ნაცვლად იმისა, რომ ოლიმპიადას, რაც არის ამ უდიდეს სპორტული საყოველთაო დღესასწაულის დანიშნულება, გააერთიანოს სამყარო და ყველა ერი, რამდენიმე გაუკუღმართებული ბოროტი ეგზემპლარის თავში მოხარშულმა ამ სისაძაგლემ ნახევარ სამყაროს გული აუცრუა პარიზის ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე.

აღაშფოთა 1 მილიარდ 400 მილიონი კათოლიკური მრევლი და მისი მაღალი იერარქები, 200 მილიონზე მეტი მართლმადიდებელი და 92 ქვეყანაში დომინანტი 800-მილიონიანი პროტესტანტული საზოგადოება!!!
თურმე არ არსებობს საშიშროება!!!

ილონ მასკის შვილი შეიწირა ლგბტ პროპაგანდამ, ამას ილონ მასკი აცხადებს, ილონ მასკის ერთადერთ ვაჟს მისწვდა პროპაგანდა, ილონ მასკს მოტყუებით ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომელიც მისი ვაჟის სქესის ცვლილებაზე ნებართვას წარმოადგენდა და სინამდვილეში ის მისი ერთადერთი ვაჟის, ფაქტობრივი დაკარგვის განაჩენი აღმოჩნდა!

მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ არის საშიში ლგბტ პროპაგანდა ჩვენი მომავალი თაობებისათვის? ეს არის ლგბტ პროპაგანდის, მისი შემქმნელების და აქტივისტი გამავრცელებელი „ენჯეოების“, მისი ყველა რჯულის გულშემატკივრის - საზღვარგარეთ თუ საქართველოში - წარმოდგენით გამოხატვის თავისუფლება. შემთხვევით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ხომ არ არის? ხომ არ გამოვიდოდნენ ჩვენი „ენჯეოები“ და ხომ არ დაგმობდნენ საქართველოში მცხოვრებთა რელიგიური უმრავლესობის ისეთივე შეურაცხყოფას, როგორადაც შეურაცხყოფილ იქნა რამდენიმე მილიარდიანი ქრისტიანული სამყარო?!

კიდევ კარგი, ჩვენი „ენჯეო“ სექტორი პარიზში არ მოღვაწეობს, თორემ დარწმუნებული ვარ, რომის პაპს, ყველა ქვეყნის კათოლიკე, პროტესტანტ ეპისკოპოსებს ევროპის კონტინენტსა თუ აშშ-ში პრორუსულ ძალად, რუსული ეკლესიის ნაწილად შერაცხავდნენ, ილონ მასკს - პუტინის მონად; მასკს, რომელმაც სიტყვა დადო, რომ შვილის სიკვდილისათვის შურს იძიებს, ყველა ღონეს იხმარს და დიდ მონაწილეობას მიიღებს ამ საძაგელი სენის ამოსაძირკვად.

გაათმაგებული სიფხიზლე და არნახული მობილიზება გვმართებს!“, - წერს ბექა ოდიშარია.