კახა კალაძე: ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, წაშლილია, ისინი ჩვეულებრივი პარტიები არიან - საქართველოს ინტერესები არ იყიდება!

კახა კალაძე: ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, წაშლილია, ისინი ჩვეულებრივი პარტიები არიან - საქართველოს ინტერესები არ იყიდება!

ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, დღეს ქვეყანაში წაშლილია. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები - სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არაკონსტიტუციურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის ფინანსებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

„ძალიან დიდი სისულელეა საუბარი იმაზე, თითქოს, აღნიშნული კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] არის არაკონსტიტუციური. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური? ასეთი რამ ხომ წარმოუდგენელია. კანონი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება ეს ევროპულობას ეწინააღმდეგებოდეს, ევროპულ მომავალს დემოკრატიულობას და ა.შ.?

პირველი, რაც მინდა ვთქვა, საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები. ზღვარი, რომელიც უნდა არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, დღეს ქვეყანაში წაშლილია. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, უბრალოდ, სახელები აქვთ სხვადასხვა და ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სრული კატასტროფაა. რა თქმა უნდა, უმრავლესობა არ ასაჯაროებს [ფინანსურ დეკლარაციებს] და არავის მიუწვდება ხელი იმასთან დაკავშირებით, თუ ვისგან ფინანსდებიან, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება ფული. ეს კანონი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ის უხერხულობები, რაც იქმნება და რაც უქმნის დასავლეთს ჩვენთან და მოსახლეობასთან ურთიერთობაში, მთლიანად იყოს მოხსნილი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამ თემისა, კალაძემ უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ზოგიერთმა საერთაშორისო დონორმა დაფინანსება შეუწყვიტა ორგანიზაციებს საქართველოში და გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას. კალაძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ქვეყნის დაჩაგვრა უნდა და ხელების გადაგრეხა, ეს მათი საქმეა“.

„არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი ადამიანებით, დაიცავს ქვეყნის ინტერესს და არაფერს მოაკლებს. ბევრი გაკეთდა 2012 წლიდან ქვეყანაში და ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა.

არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ რაღაც მიმართულებით ვიღაცამ შეწყვიტოს ფინანსების და სესხების გაცემა. არ არსებობს არგუმენტი იმიტომ, რომ ქვეყანა რეალურად ეკონომიკურად ვითარდება და წინ მიდის. დემოკრატიის ხარისხი ძალიან მაღალია. ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული მიღწევები გვაქვს. თუ ვინმეს ქვეყნის დაჩაგვრა უნდა და ხელების გადაგრეხა, ეს მათი საქმეა. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, რომ საქართველოს ინტერესები, საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა არ იყიდება. დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, შევინარჩუნებთ მშვიდობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე, ჟურნალისტმა თბილისის მერს ჰკითხა, რას იტყოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის შემდგომ საქართველომ საფრანგეთისგან 35 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო, რასთან დაკავშირებითაც, კალაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა უფრო მეტი ღირს“.

„მგონია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა უფრო მეტი ღირს. ძალიან მარტივ რამეს გეტყვით, ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დახარჯა. უბრალოდ უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე, რომელიც ახლა თქვენ თქვით“, - განაცხადა კახა კალაძემ.