პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების სარჩელი დააკმაყოფილოს, თუმცა მისი თქმით, ამ პროცედურას ოპოზიცია კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე მიმართავს.
მისი განმარტებით, სურთ, რომ პროცედურულად ყველაფერი გამზადებული იყოს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხალხის გამარჯვებასთან ერთად, ე.წ. „რუსული კანონის“ გაუქმება მყისიერად მოხდეს.
ვაშაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
“ახლა ჩვენ ვართ ბათუმში. ჩვენს წინ არის შავი ზღვა. შავი ზღვის იქით არის ევროკავშირი, მე მინდა, რომ შავი ზღვის აქეთაც იყოს ევროკავშირი და „რუსულმა კანონმა“ სწორედ ეს შეაჩერა. შავი ზღვის აქეთ უნდა გადმოსულიყო ევროკავშირი, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ მიღებით შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ეს არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი. შესაბამისად, ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა, არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი. ამიტომ ვართ სრულად ოპოზიცია ერთიანი, ამიტომ შეგვაქვს სარჩელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალური შესაძლებლობა მაინც მივცეთ იმის, რომ უტყუარად დადასტურებული ფაქტი, რომ „რუსულმა კანონმა“ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, გააუქმოს,“ - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა.