პარიზში მიმდინარე ოლიმპიადის გახსნილ ცერემონიაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს. „ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ. გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჯოლის თქმით, რელიგიის შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა მისი განზრახვა.
გახსნის ცერემონიის სკანდალს შეფასებები მოჰყვა თბილისშიც. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე „საიდუმლო სერობის“ გარყვნილების სცენად წარმოჩენა მიზანმიმართული აქცია იყო მსოფლიოში გაძლიერებული მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ.
„საკანონმდებლო ცვლილებები გვაქვს დაინიცირებული სხვადასხვა კანონში, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტიც არის ინიცირებული, რომლის მიზანიც არის ღირსება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს კანონპროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებლად იქცევა კანონად, იმიტომ რომ ვხედავთ არაერთ მოვლენას მსოფლიოში, რომელიც პირდაპირ ეფუძნება ცრუ ლიბერალიზმს და მიზნად ისახავს გარკვეული შეხედულებები და კონსერვატიული მრწამსი იყოს უგულებელყოფილი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართულ ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.