მაია ბითაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ ჩამოეშალათ მთავარი ღერძი პოლიტიკური სტრატეგიისა, რასაც ერქვა „ქართული ოცნების“ „რუსეთუმეობა“

მაია ბითაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ ჩამოეშალათ მთავარი ღერძი პოლიტიკური სტრატეგიისა, რასაც ერქვა „ქართული ოცნების“ „რუსეთუმეობა“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია არ ჩანს.

როგორც მან „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მათ ჩამოეშალათ მთავარი ღერძი პოლიტიკური სტრატეგიისა, რასაც ერქვა „ქართული ოცნების“ „რუსეთუმეობა“.

„ჩამოშლის ერთ -ერთი მიზეზი არის ის აღმავალი ტალღა, რომელიც გარკვეულწილად გადამდები იყო, როდესაც "გამჭვირვალობის კანონს" ვიღებდით და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაში იყო შეყვანილი. ბუნებრივია, მე არ ვსაუბრობ ყველაზე და რა თქმა უნდა, ადამიანებმა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს უნდა მისცენ ხმა, ეს არის დემოკრატია და ეს გვსურს ჩვენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მთავარი ღერძი, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება ან რუსეთის ინტერესების გამტანი, ქართველი ადამიანი რომ დაფიქრდა, ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ეს ასე არ არის და დღეს აქ ჩელიაბინსკში არავის გაუღვიძია. მთელი ეს რიტორიკა, რომელიც დაკავშირებული იყო „ქართული ოცნების“ ე.წ. რუსეთუმეობასთან და დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები, დღეს გვევლინებიან იგივე ადამიანები, მათ შორის ვაშაძე და ა.შ. ვინც დღეს იძახის, რომ თურმე ისინი ჩვენგან არასდროს ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და თურმე არასდროს გაუკეთებია არავის ისეთი განცხადება, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას უქადდა.

არავის აქვს მოკლე მეხსიერება. ჩვენ გუშინ ვუსმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს, სადაც მან წარმოადგინა, გაგვახსენა, მათ შორის, მეც გამახსენა ძალიან ბევრი გამონათქვამი, რომელიც ჩვენ ჯამში რომ ავაგოთ ძალიან კარგად დავინახავთ რა უნდათ ამ ადამიანებს. ამ ადამიანებს უბრალოდ უნდათ, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ გააგრძელონ ამ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრა, რის უფლებას საქართველოს მოსახლეობა მათ ნამდვილად არ მისცემს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.