საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მსგავსი მცდელობები გასაკვირი არაა.
„ამასთან დაკავშირებით კითხვა საერთოდ არ მიჩნდება, თან თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სრულიად ლოგიკურია, რომ ამის მცდელობა შეიძლება ჰქონოდათ. ყველას კარგად გვახსოვს 2022 წლიდან ამ უკრაინელი მებრძოლების და მათი ლიდერების გამონათქვამები, რომ აფხაზეთში გასეირნების დროა და ა.შ. ზოგადად, ასეთი წამოძახილები უბრალოდ, ჰაერზე არ ხდება ხოლმე“, - განაცხადა კირცხალიამ.
სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.