პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაჯგუფების პროცესს ეხმიანება.
სეფაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე გადაჯგუფებები ამომრჩევლის მოტყუების მიზნით ხორციელდება.
„ამომრჩევლის მოტყუება, საკუთარი ნათქვამის უარყოფა, გუშინდელ მტრებთან დამეგობრება - ამ ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ მოვიდნენ ხელისუფლებაში,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ გარე ძალების დავალებები უსიტყვოდ შეასრულოს და ქვეყანა ომში ჩართოს.
„გადაჯგუფებები, რომელიც ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარეობს არის მათი მცდელობა, როგორმე მოატყუონ ხალხი. ძალიან ეჭვი მეპარება, ვინმე ამით ტყუვდებოდეს. გამოდიან და გუშინ და გუშინწინ რასაც საუბრობდნენ, იმის აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობენ. გულწრფელად მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს დაავიწყდა გუშინ და გუშინწინ რას საუბრობდნენ. ერთმანეთის ლანძღვაში ატარებდნენ დროს გახარია, "ლელო" და ელისაშვილი - ხაზარაძე და უცბად შეიცვალნენ, პოლიტიკას ასე სჭირდებაო. არ არის პოლიტიკა ისეთი, როგორც ამბობენ- ბინძური. ბინძური არის ასეთი ხალხისათვის, რომლისთვისაც წმინდა არაფერი არაა და არავითარი ღირებულება არ არსებობს. პოლიტიკა მხოლოდ მაშინ იმარჯვებს და იღებს წარმატებას, როდესაც რეალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ამ ხალხს რა ღირებულებები გააჩნია? არავითარი. ერთადერთი რაც უნდათ, არის ხელისუფლებაში მოსვლა და ამისათვის ყველაფერზე თანახმა არიან. ამომრჩევლის მოტყუება, საკუთარი ნათქვამის უარყოფა, გუშინდელ მტრებთან დამეგობრება - ამ ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ მოვიდნენ ხელისუფლებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნისთვის რაიმე უკეთესი განვითარების რეცეპტი აქვთ ან ხედვა აქვთ, არა, მათი უპირველესი მიზანია - გარე ძალებისგან მიღებულ დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში. ეს არის სავსებით რეალური პროგნოზი, არ არის ჩვენი მოგონილი. ეს ემყარება უამრავი ფაქტის და მათი გამოსვლების ანალიზს. ომში ჩართვა არის მათი მიზანი და არავითარ შემთხვევაში - ქვეყნის განვითარება.“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.