მათ ისევე სძულთ ერთმანეთი, როგორც გუშინ და გუშინწინ სძულდათ. ეს ყალბი გაერთიანებები არის მხოლოდ იმისთვის, რომ გადალახონ 5%-იანი ბარიერი. „ნაცების“ მოსაგები არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანებები ფარისევლური და ფარსია.
„ჩვენ რასაც ვხედავთ პროცესებს ოპოზიციაში, ეს არის ამორალური პოლიტიკური ფარისევლობა და ფარსი. ეს ადამიანები ჯერ კიდევ გუშინ, გუშინწინ, ერთი წლის წინ ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და შეურაცხყოფდნენ. დღეს რას ვხედავთ, დღეს ერთმანეთს ხელს ართმევენ და „ბედნიერი“ სახეებით გვევლინებიან ეკრანებზე და სურათებში. სინამდვილეში, მათ ისევე სძულთ ერთმანეთი, როგორც გუშინ და გუშინწინ სძულდათ.
ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერები. ოპოზიციას ჰყავს მარიონეტები. და ეს მარიონეტები, თვითონაც კი არ დგამენ ნაბიჯებს. სხვა მართავს მათ, სხვა კარნახობს მათ, რომელ სურათში ვისთან ერთად დადგნენ, ვის ჩამოართვან ხელი, როგორ სურათს გადაიღებენ, რას ჩაიცვამენ და ა.შ.“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.