ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე საქალაქო სასამართლოში კონსტანტინე ჯღამაიას გამოკითხვა მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე საქალაქო სასამართლოში კონსტანტინე ჯღამაიას გამოკითხვა მიმდინარეობს

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე გამოკითხვა გრძელდება. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით კონსტანტინე ჯღამაიას უსმენენ.

ჯღამაია სხდომის დარბაზში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს. დაკითხვაზე შესვლამდე მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„მას არავითარი კავშირი არ აქვს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან და მზად არის ჩვენება მისცეს. მისთვისაც გაურკვეველი და უცნობია, რატომ დაიბარეს, სწორედ ამიტომ არის მოსული, რომ ეს ფაქტი გაარკვიოს. არანაირი კვეთა, არანაირი ნაცნობობა, არანაირი ურთიერთობა მას ამ ადამიანებთან არ გააჩნია. უკრაინაში უცხოურ ლეგიონში იყო, ქართულ ლეგიონში არც ყოფილა, პერიოდულად იყო იქ, მთლიანობაში, წელიწადზე მეტი. საქართველოში, როგორც მან მითხრა, რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა“, - განაცხადა ჯღამაიას ადვოკატმა, თორნიკე ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.