დასავლეთ საქართველოს და იმერეთის დედა ქალაქი ქუთაისი უკვე აღებულია...
მაგონდება მე ტფილისი თებერვლის 25-ს, დაღვრემილი. თავზარდაცემული ჩვენი საზოგადოება ზანტად გამოსული ქუჩაზე, თითქოს ცხოვრების მიზანი დაჰკარგვია. ამ ხალხს გაოგნებულს აღარ ესმის რას უნდა ემსახუროს, რა ნაბიჯი უნდა გადასდგას, რა გზას მისცეს თავი.
ვაი თუ იგივე სურათი, იგივე სულიერი განწყობილება, იგივე სამარისებული სიჩუმე და მყუდროებაა დღეს ქუთაისის ქუჩებზე...
ჩვენ უკვე ფაქტის წინაშე ვართ. მენშევიკების მიერ საქართველოს დედა ქალაქის დატოვებასთან ერთად დაეცა მენშევიკური მთავრობა, მაგრამ საქართველო კვლავ ცოცხალია. იგი ამაყად გადმოჰყურებს თავის ბრწყინვალე მომავალს და ელის გაათასკეცებულ შრომას, დაუღალავ შემოქმედებით მუშაობას, ნიჭსა და გამჭრიახობას თავის შვილებისაგან.
დღეს ჩვენი საზოგადოება დაუყონებლივ უნდა გამოფხიზლდეს, გაერკვეს შექმნილ მდგომარეობაში და საღი გონებით გამოარკვიოს თავის ქვეყნის სვე-ბედი. პირველი აზრი კი უნდა იყოს აზრი საერთო მოქმედებისა თავის ვინაობის დასაცავად და შესანარჩუნებლად.
ჩივილს და წუწუნს თავი უნდა დავანებოთ და დავადგეთ შემოქმედებითი მუშაობის გზას. ყოველ საპასუხისმგებლო თანამდებობას ქართველმა მშრომელმა ხალხმა და ინტელიგენტ-სპეციალისტმა უნდა ჩასჭიდოს ხელი და მთელი თავისი ძალღონე უნდა მოანდომოს თავის ეროვნულ მეობის დაცვას და განმტკიცებას. ამას მოითხოვს მტკიცე კანონი ერის ცხოვრების ბედნიერად მოწყობისა.
ეს არგუნა წილად დღევანდელმა მომენტმა ჩვენს საზოგადოებას. და ვაი მას ვინც ამას თავის დროზე ვერ შეიგნებს და თუ შეიგნებს ზურგს შეაბრუნებს...
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას