„უახლოეს მომავალში შეიძლება გუანტანამოს პატიმრებს ველოდოთ“, - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პირისპირ შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა იყო ბანაკის დახურვა და პატიმრების ტრანსპორტირების საკითხი.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ა.წ. 22 ივნისს მოაწერა. ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე აშშ-სთან პოლიტიკური შეთანხმება ევროპის ტერიტორიაზე გუანტანამოს პატიმრების განაწილების შესახებ მიღწეულია. აშშ, თავის მხრივ, ევროპაში პატიმრების ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს. გუანტანამოს ციხის ბინადარნი არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები. 2002 წელს ციხიდან 540 პატიმარი განთავისუფლდა. გუანტანამოს ციხის 200 პატიმრიდან დაახლოებით 80 უდანაშაულოდ ითვლება, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მათ სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება.
პატიმრების ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს გუანტანამოს ციხის დახურვის საკითხებში აშშ-ს ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდი, რომელიც ადასტურებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული არ არის.
"საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამერიკამ საქართველოს ასეთი თხოვნით უკვე მიმართა, საჭიროების შემთხვევაში ამერიკას საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის, იმედი აქვს. თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ, საქართველოში პატიმრების მხოლოდ მცირე რაოდენობა გაიგზავნება", - აცხადებს დენიელ ფრიდი.
გუანტანამოს ციხის ტუსაღების საქართველოში გადმოყვანის თაობაზე კომენტარები საქართველოშიც კეთდება. ქართველ ექსპერტთა აზრით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე ტუსაღების დაბინავება.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ქართულ- ამერიკულ ურთიერთობას ბევრი სხვა სატკივარი აქვს, თუ ამას არ დავუმატებთ.
"საქართველო არ არის ყველაზე სტაბილური და კომფორტულ პირობებში მყოფი ქვეყანა აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებს შორის. ვერ გეტყვით, რატომ შეაჩერეს ყურადღება საქართველოზე. რაც შეეხება საფრთხეს, არა მგონია, ტერორიზმში შემჩნეულმა პირებმა რაღაც ძალადობრივი აქტი ჩაიდინონ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებიან", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
ექსპერტი არჩილ გეგეშიძე თვლის, რომ ეს საკითხი საქართველო- ამერიკას შორის ურითერთობის კონტექსტში განიხილება.
"ვერ გეტყვით, განიხილება თუ არა ეს საკითხი ქარტიის ფორმატში, მაგრამ, ალბათ, უფრო უსაფრთხოების სფეროს მიეკუთვნება. რაც შეეხება საფრთხეს, საუბარი სულ რამდენიმე პატიმრის გადმოყვანაზეა, სულ 4-5 პატიმარზე. არ ვფიქრობ, რომ ამით რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდოს", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ საქმის დეტალები საზოგადოებას გააცნოს.
"ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ზოგადი სტრუქტურა ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა მოიცავს წელიწადის 12 თვეს და დღე-ღამეში 24 საათს, ასევე იგი ვრცელდება წინასწარ შეთანხმებაზეც, ანუ რომელ სფეროს მიეკუთვნება. თუ აშშ-ს ინტერესი გარდაუვალია და ის რეალურად სთხოვს საქართველოს და არ აიძულებს, მაშინ უნდა მოიძებნოს თანამშრომლობის ის ფორმები, რომელიც საქართველოსთვის მისაღები იქნება, ანუ გაირკვეს, რა ვითარებაში მოხდება პატიმრების ადგილის შეცვლის აქტი.
მოგეხსენებათ, რომ ასეთ საქმეში დეტალები საკმაოდ მნიშვნელოვანია და იგი უნდა გაჟღერდეს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ამერიკის მხრიდანაც. მე არ მაინტერესებს მათი დაპატიმრების მიზეზი. ვენდოთ ამერიკის მართლმსაჯულებას, მაგრამ მთავარია, ვიცოდეთ, რატომ მაინცდამაინც საქართველოს ტერიტორია, როდესაც ამერიკას საქართველოს გარდა უამრავი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანა გააჩნია? თუ ეს ტესტია საქართველოსთვის, მაშინ და ვის სცდიან - ქართველ ხალხს თუ საქართველოს ხელისუფლებას?" - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის თქმით, დენიელ ფრიდმა სრულიად ცხადად განაცხადა, რომ რამდენიმე პატიმრის გადმოყვანაზეა საუბარი და, თანაც, ძირითადად ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ხოლო გერმანიამ მხოლოდ ერთი პატიმრის მიღებაზე განაცხადა თანხმობა.
"მთელი სკანდალი ატეხილია არა მხოლოდ პატიმრების წამებაზე, არამედ იმაზე, რომ ისინი სასამართლოს გარეშე არიან დაპატიმრებული, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევით. 300 კაციდან უმეტესობა ჯერ გასამართლებული არ არის, ახლა დაიწყო საუბარი მათ გასამართლებაზე, თანაც ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ჭკუას ასწავლის მსოფლიოს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაცული უნდა იყოს.
რაც შეეხება შეთავაზებას, მე დარწმუნებული ვარ, ვაშაძე თვითონ მივიდოდა თხოვნით, ჩვენთან გამოაგზავნეთო. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ორი კვირის წინ, არ მახსოვს რომელმა, ჩვენმა უპასუხისმგებლო თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, ყველა პატიმარი მიიღოს.
მიზეზი კი მხოლოდ ერთია - როგორმე ამერიკამ არ მიგვატოვოს. სააკაშვილის უკანასკნელი იმედი სწორედ ეს 2-3 პატიმარია. ამ პატიმრებს მოჰყვება დაცვა. მათ, ალბათ, საზღვაო ფეხოსნები დაიცავენ, ისინი ამერიკაში ყველაზე ელიტარულ ჯარისკაცებად ითვლებიან, ამერიკის საელჩოსაც საქართველოში ისინი იცავენ. ვაშაძე ხომ ვერ ეტყოდა ამკრიკელებს, მე ვერ ვენდობი ჩვენს დაცვას და თქვენი გამოაყოლეთო? მერე როგორ შეხედავდა მერაბიშვილს თვალებში?
გარდა ამისა, ამ პატიმრებს სჭირდებათ ფული. ეტყვიან, დღეში მათი შენახვა სულ მცირე 10 დოლარი ჯდებაო, მერე ერთ ხაჭაპურს უყიდიან და მორჩა, აქედანაც შეიძლება ფულის მოტეხვა. რაც შეეხება საფრთხეს, პატიმრებისგან არანაირი საფრთხე არ არის. საფრთხე ის არის, რომ მათმა მეგობრებმა არ მოინდომონ მათი განთავისუფლება და აფეთქებები არ მოაწყონ ხალხმრავალ ადგილებში", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას რამაზ კლიმიაშვილმა.