ზაზა შენგელიამ დებოში ატეხა

ზაზა შენგელიამ დებოში ატეხა

გადაცემა „ჭორ-ნიუსის“ გადამღებმა ჯგუფმა 13 იანვარს თავისუფალი პრესის წარმომადგენლებისთვის გამართა პრესკონფერენცია, რომელიც ჩატარდა გადაცემის წამყვანის ეკა ჯაფარიძის ბინაში.

გადაცემა „ჭორ-ნიუსის“ პროდიუსერმა ლ. ხეთაგურმა, რომელიც ასევე დავით ევგენიძის პროდიუსერიცაა განაცხადა, რომ 6 იანვარს, სასტუმრო „მეტეხში“ გამართულ ქრისტინა ორბაკაიტეს კონცერტისას მოხდა მოქალაქის უფლებების უხეში დარღვევა სახელმწიფო მოხელის მხრიდან.

კერძოდ, ტელეკომპანია ეის-ის მიერ მომზადებულ კონცერტის რეკლამაში, რომელიც ტელევიზიის მეორე არხით გავიდა ეთერში ითქვა, რომ შოუში მონაწილეობას მიიღებდა მუსიკოსი დ. ევგენიძე. მისი გვარი დაბეჭდილი იყო მოსაწვევებზეც, მაშინ როცა მუსიკოსს კონცერტში მონაწილეობაზე თანხმობა არავისთვის განუცხადებია.

ამ ფაქტის გასარკვევად „ჭორ-ნიუსის“ ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, კონცერტის ერთ-ერთ ორგანიზატორს ზაზა შენგელიას, რასაც მისი მხრიდან არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა.

კასეტის ჩამორთმევის მიზნით ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. ოპერატორს, რომლის დაცვასაც სასტუმრო „მეტეხის“ დაცვა ცდილობდა, ჩამოართვეს ვიდეო-კამერა. გადაცემის პროდიუსერს ზაზა შენგელიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მან განაცხადა: „თუ 15 წუთში არ დამიბრუნებთ კასეტას, დაგმარხავთ. თქვენ იქნებით „ტრუპები“. გაითვალისწინეთ, რომ მე მთავრობის კაცი ვარ“.

იმავე დღეს გაისმა მუქარის სატელეფონო ზარები ჟურნალისტების ბინებში. პრესკონფერენციაზე აჩვენეს „ჭორ-ნიუსის“ მიერ მომზადებული გადაცემა, რომელშიც ზ. შენგელია ორ ურთიერთგამომრიცხავ ინტერვიუს იძლევა. პირველში ის ამბობს რომ მოხარულია ორი ვარსკვლავის (იგულისხმება დ. ევგენიძე და ქ. ორბაკაიტე) ერთ შოუში მონაწილეობით. მეორეში კი (მ. მეტრეველის ყურში ჩაჩურჩულების მერე) აცხადებს, რომ არაფერი იცის კონცერტში დ. ევგენიძის მონაწილეობის შესახებ. არ უნახავს არც რეკლამა და არც მოსაწვევები.

ეს გადაცემა ეთერში ვერ გავიდა, რადგან დემოკრატიული ტელევიზიის მესვეურთათვის როგორც სჩანს დებოშის ამტეხი „მთავრობის კაცის“ დაცვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიტყვის თავისუფლების პრინციპი.

პრესკონფერენციაზე დათო ევგენიძემ განმარტა ზოგი დეტალი. მან განაცხადა რომ მოსაწვევებსა და რეკლამაში მისი გვარის აღნიშვნის შემდეგ მან გადაწყვიტა შოუს ორგანიზატორებთან შეხვედრა.

გაირკვა, რომ როიალი მუსიკოსს თვითონვე უნდა აეწყო. ამას გარდა ნინო კასრაძესთან ერთად საღამოს წამყვანიც უნდა ყოფილიყო. ქრისტინა ორბაკაიტეს კონცერტში მონაწილეობისთვის გადაუხდიდნენ 4 ათას დოლარს, დათო ევგენიძეს - 500 ლარს, მაშინ როცა ბილეთი ღირდა 100 ლარი. წინა დღით ჩამოსულ ქ. ორბაკაიტეზე კი უთხრეს, რომ მომღერალი მხოლოდ ორი საათის შემდეგ ჩამოფრინდებოდა. ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა „ჰონორარზე“ უარი განაცხადა და თქვა, რომ ქველმოქმედების მიზნით რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებდა იმ შემთხვევაში თუ მისი მეგობრებისთვისაც დარბაზში ერთ მაგიდას გამოყოფდნენ, ორგანიზატორებმა მას 300 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

სასტუმრო „მეტეხში“ მომხდარ ინციდენტს დაესწრო საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გენერალური დირექტორი გიორგი ლეონიძე, რომელიც დაეხმარა ჟურნალისტებს სახელმწიფო მოხელისაგან თავდაცვაში და სასტუმროდან გაღწევაში, თუმცა განაცხადა, რომ მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რადგან გადაცემა „ჭორ-ნიუსის“ ჟურნალისტები არ იყვნენ ტელევიზიის შტატში.

ლევან ხეთაგურმა განაზოგადა მომხდარი ფაქტი და თქვა, რომ მისი აღშფოთება გამოწვეულია არა კონკრეტულად ზაზა შენგელიას პიროვნებით, რომელიც არ შეიძლება „ჭორ-ნიუსის“ ინტერესების სფეროში შედიოდეს, რადგან ის არ ჯდება ელიტარული ქრონიკის ჩარჩოებში, არამედ სახელმწიფო მოხელის მიერ მოქალაქის, ამ შემთხვევაში თავისუფალი ჟურნალისტის უფლებების შელახვით. ლაპარაკია სახელმწიფო მინისტრის უფლებების გადამეტებასა და ჟურნალისტის დაუცველობაზე.

ლ. ხეთაგურმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო მოხელეს შეუძლია დაუსჯელად გაატაროს ძალადობის ხაზი, თუ სახელმწიფო ვერ იცავს მის მოქალაქეთა უფლებებს, მაშინ ჟურნალისტები იძულებულნი იქნებიან დაცვისთვის მიმართონ სხვა სახელმწიფოებს, რა თქმა უნდა არა პოლიტიკური მოტივაციით.

გადაცემის რეჟისორმა ლევან კიტიამ განაცხადა, რომ „ჭორ-ნიუსის“ გადამღები ჯგუფი შეწყვეტს მუშაობას მანამ, სანამ მათ არ მიეცემათ საშუალება რომ ტელევიზიით აჩვენონ ზაზა შენგელიას ინტერვიუ და გააკეთონ მასზე კომენტარი. ჟურნალისტები მოითხოვენ რომ ზ. შენგელიამ ოფიციალურად მოიხადოს ბოდიში.