(მწერლის უბის წიგნაკიდან)
ორ საათსა და ათ წუთშიც შეიძლებოდა მოსკოვში ჩაფრენა, მაგრამ ჩვენ რატომღაც ორი ღამე და ერთი დღე ვარჩიეთ - თორმეტი წლის უნახავი თოვლით გვინდოდა დავმტკბარიყავით...
მატარებელი გაჩერდა, ბაქანზე რუსული ყინვა დაგვიხვდა, ყველა ქართველს ყური აგვიწია, ქუჩაში გამოგვიყვანა და ტაქსების რიგისაკენ გაგვაქანა.
ჩემი მეგობარი ნოდარი მეუღლითურთ და დანარჩენი პირველი ნახევრები სასტუმრო „იუნოსტში“ მოთავსდნენ, მე „უკრაინაში“ შევრგე თავი.
შევედი ჩემს ოთახში და ნოდარს დავურეკე „იუნოსტში“. ქალის ხმამ გამაგონა. იგი ჩემი მეგობრის ნოდარის მეუღლე იყო. აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო. ჩემი მეგობარი ნოდარი ხომ მეუღლით იყო წამოსული და მეუღლე ნოდარის ოთახში ცხოვრობდა. კი, ნამდვილად მეუღლე იყო.
შემდეგ ჩემი მეგობარი დამელაპარაკა.
- ნოდარ, პლენუმზე შევხვდეთ ერთმანეთს, - ვუთხარი მე და მეორე დღეს პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვეებერთელა სხდომათა დარბაზში ერთად ვისხედით: მე, ბაბულია, იური, სულიკო, სოსო და ვინარი სხულუხია.
ვინ არის სხულუხია? ვინ არის და - სოციალისტური შრომის გმირი, სამამულო ომის გმირის გრიგოლ სხულუხიას ქალიშვილი.
დარბაზი გაირინდა...
- ყურადღება, ყურადღება, ლაპარაკობს და უჩვენებს მოსკოვი.
დიახ, დღეს ჩვენს სამშობლოში მრავალმა ახალგაზრდამ იცის, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების ნიჭიერ წარმომადგენლებს საზეიმოდ გადასცემენ ლენინური კომკავშირის პრემიებს.
ნიკოლოზ ოსტროვსკი - ჩვენი სამშობლოს სამი თაობის უსაყვარლესი მწერალი და მეგობარი.
დარბაზის გრიალში ნიკოლოზ ოსტროვსკის მეუღლეს სამკერდე ნიშანსა და ლაურეატის დიპლომს გადასცემს კოსმოსის გმირი იური გაგარინი.
ციმბირელი მეტყევეები და მშენებლები, რკინიგზის მუშები მადლობას უძღვნიან ვლადიმერ ჩივილიხინს შესანიშნავი ნარკვევებისა და მოთხრობებისათვის.
უჩვენებენ ნაწყვეტებს ფილმიდან „სიკვდილი არავის უნდოდა“ და გულთბილი მისალმებებით მიმართავენ რეჟისორ ჟელაკიავიჩუსს.
კიევის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამ მაღალი ჯილდოთი წარდგება უკრაინელი მაყურებლის წინაშე, რადგან თეატრმა შექმნა დიდებული სპექტაკლი „ახალგაზრდა გვარდია“. თეატრის რეჟისორს მხურვალედ ეხვევა „ახალგაზრდა გვარდიელი“ არუთინიანი.
სცენაზე იწვევენ ნიჭიერ კომპოზიტორ ქალს პახმუტოვას. პახმუტოვა ტანად ძალიან პატარაა და როიალს ძლივს სწვდება. უკრავს პახმუტოვა და მე გაოცებული ვუსმენ და ვუმზერ, როგორ ჰყვება მთელი დარბაზი და მღერის მის სიმღერას.
კომკავშირის პრემიის კიდევ ერთ ლაურეატს ასახელებენ.
მთელი დარბაზი ტაშის გრიალით ყვირის: „ზნაემ, ზნაემ“.
ყვირის მეშახტე და მქსოველი, ყვირის მწველავი და პიონერხელმძღვანელი.
დიახ, ნოდარს კარგად იცნობს ჩვენი სახელოვანი ახალგაზრდობა. მას იცნობენ, როგორც პროზაიკოსს, სცენარისტსა და დრამატურგს. „ბებიამისი“ ინგლისშიც ნახეს.
სცენიდან ჩამოდიან ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ლამაზი და მოხდენილი ქალ-ვაჟები და მეშვიდე რიგიდან სახალხოდ მიჰყავთ სცენისკენ ჩემი მეგობარი ნოდარი - ნოდარ დუმბაძე.
ქართველმა გოგო-ბიჭებმა მურმან ლომთათიძის ხელმძღვანელობით ციდან ვარსკვლავები ჩამოიტანეს და სადღესასწაულო ცეცხლი დაანთეს.
დარბაზი აღელვებულ სტადიონს მოჰგავს. ჩვენს მოცეკვავეებს ტემპერამენტსა და მოხდენილობას უქებენ.
ახლა „გორდელა“? ახლა იმათი სიმღერა? „გორდელა“ - კონსერვატორიის ცხრა ბიჭი, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით წარსაგზავნი ქართველი მომღერლები, აი, ვინ გვასახელებდა საზღვარგარეთ პროფესიონალური და ეროვნული სიმღერით.
ჩვენ ასეთი არაფერი მოგვისმენიაო, - ამბობდნენ რუსები და სულაც არ მიკვირდა, რადგან მეც იშვიათად მომისმენია ამნაირი სიმღერები.
სცენა დაამშვენა რესპუბლიკის სახალხო არტისტის გრიგოლ კოსტავას ილარიონმა, ხოლო რაც შეეხება რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობს გოგი ქავთარაძეს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მოსკოვის თეატრებში აედგას ფეხი.
სცენაზე გაჰყვიროდა ზურიკელა რუსულად და მთელი ქვეყანა მისი ეგონა. დაწყვიტა ზურიკელამ დარბაზი სიცილით.
დარბაზში კი ჩვენთან ერთად ღელავდა რეჟისორი რევაზ მირცხულავა - შეხვედრის ამ ნაწილის დამდგმელი.
ჩემმა მეგობარმა ნოდარმა მადლობა გადაუხადა ყველას და ყველას...
ჟურნალ „პიონერის“ რედაქტორი ბაბულია შელია ტიროდა. დარბაზი ხარხარებდა და ხარხარებდა.
დამთავრდა საღამო დიდებული, ჩვენ ყველანი გარეთ გამოვედით. გარეთ იდგა ოცდაცხრაგრადუსიანი ყინვა. მაგრამ ჩვენ აღარ გვციოდა და ჩვენ შეგვეძლო მოსკოვში შეგვეძინა ხუთი ათასი მანეთის რუსული არაყი...
იმ ღამეს გვიან იყო, მეორე დღეს დიდებულად მოვილხინეთ. დანარჩენ ლაურეატებს, როგორც ვიცი, ბანკეტისათვის აღარ მოუცდიათ.
შემდეგ მოსკოვში საოცრად დათბა, მივატოვე „უკრაინა“ და ვნუკოვოსაკენ გავემგზავრე.
ორ საათსა და ათ წუთში თბილისში ვიყავი.
ჩემი მეგობარი ნოდარი მატარებლით გამოემგზავრა...
ლაურეატი ნოდარ დუმბაძე მეუღლემ თვითმფრინავს ვერ ანდო.
მოსკოვი-თბილისი
ჯანსუღ ჩარკვიანი