„იმედის“ სახეები ფოჩიან კანფეტებზე გაიყიდნენ“

„იმედის“ სახეები ფოჩიან კანფეტებზე გაიყიდნენ“

ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ამჟამად ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორია.

როგორია პრაქტიკული საქმიანობიდან თეორიულზე გადასვლა?

- მთლად თეორიულიც არ ითქმის, გვაქვს კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ჩვენი სტუდენტები მუშაობენ დიპლომებზე. მეც ვეხმარები. გამოდის, რომ რაღაც ტიპის სარედაქციო საქმიანობას ვასრულებ.

როგორი თაობა მოდის ტელეჟურნალისტიკაში?

- ძალიან სწრაფად იცვლება თაობა. ამას წინათ პირველ არხზე ვიყავი, ვიდრე სამი დერეფანი არ გავიარე, ნაცნობი სახე ვერ ვნახე. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც ახალგაზრდა ასაკში არ ჰქონდა საშუალება ყოფილიყო ცნობილი ჟურნალისტი, ან სხვა რაიმე თანამდებობისთვის მიეღწია. ჩვენს თაობას ჯერ ახალგაზრდები ხართ და დაიცადეთო, გვეუბნებოდნენ, მერე გვითხრეს, დაბერდით და ჩაიჩოჩეთო. ამოვვარდით აქტიური ცხოვრებიდან. ეს მხოლოდ ჟურნალისტიკას არ ეხება, ყველა სფეროს ვგულისხმობ. ქალებმა კიდევ გამოვნახეთ თვითრეალიზაციის საშუალება, ჩემი თაობის მამაკაცებს კი ძალიან გაუჭირდათ საკუთარი ადგილის პოვნა ცხოვრებაში.

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ტელევიზიიდან წასვლამ?

- წასვლამდე ცოტა ხნით ადრე შემეძინა ქალიშვილი. მოვახერხე უფრო მეტი დრო დამეთმო მისთვის. ბიჭი სწორედ იმ პერიოდში აბარებდა უმაღლესში და იმასაც სჭირდებოდა ჩემი თანადგომა. ოჯახის მძღოლის და დიასახლისის ფუნქცია შევითავსე. საოცარი სიამოვნებაა, როცა დილის 9 საათზე შვილი მიმყავს სკოლაში, გზაში დარდს და სიხარულს მიზიარებს. მართალი რომ გითხრათ, დიასახლისობა, მძღოლობა, ლექტორობა, ოჯახის საქმეებში ჩართვა არც ისე იოლი აღმოჩნდა. უფრო მეტი თავისუფალი დრო მაშინ მქონდა, როცა საინფორმაციოს უფროსი ვიყავი, ვიდრე დღეს.

ხელმძღვანელი მკაცრი იყავით?

- ლეგენდები ჩემზე მომისმენია, რომ ვარ ძალიან მკაცრი. იმედი მაქვს, ჩემი თანამშრომლები მკაცრთან ერთად ამბობდნენ, რომ ვიყავი სამართლიანი. ჩემი მრისხანება ძალიან ცოტა ხანს გრძელდებოდა. თუმცა ალბათ თავიდან ყველას აშინებდა ჩემთან ურთიერთობა, ლეგენდების გამო. თუმცა მადლიერიც ბევრია, თუ არ მატყუებენ. საერთოდ, კარგი უფროსი არ არსებობს, ყოველთვის ოცნებობ უკეთესზე.

ჟურნალისტების დამცველი იყავით?

- რა თქმა უნდა, ეს მევალებოდა კიდეც. ვცდილობდი ყველასთვის მიმეცა შანსი და მეპოვნა ის საქმე, რომელსაც უკეთ შეასრულებდნენ. მაგალითად, მყავდა ჟურნალისტი, რომელიც კარგად ვერ წერდა, მაგრამ შეკითხვებს სვამდა არაჩვეულებრივად. შეეძლო რესპოდენტზე მიწოლა. წერაში ცოტა პრობლემები ჰქონდა და ამაში რედაქტორები ეხმარებოდნენ. ერთს კარგად შეეძლო როიტერის მასალების თარგმნა, მაგრამ დამოუკიდებელ რეპორტაჟს ვერ აკეთებდა. წამყვანები კარგად წერდნენ ლიდებს, ქუდებს, სიუჟეტებს. მე უფრო მეტად კავშირების დამყარება მევალებოდა, განაწყენებული რესპოდენტების მრისხანება ძირითადად ჩემს თავზე გადადიოდა, ბრალს ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებდი. შეიძლება თანამშრომლისთვის მესაყვედურა, მაგრამ მას არ დავაყენებდი რეალური პრობლემის წინაშე, თუნდაც სამართალდამცველ ორგანოებთან, რომლებიც ზოგჯერ მათგან ითხოვდნენ ჩვენებების მიცემას ამა თუ იმ ადგილზე მომხდარი ფაქტის გამო.

"იბერიას" ძალიან რთულ ვითარებაში მოუწია დახურვა, მაგრამ თანამშრომლები ბოლომდე ერთგული დარჩნენ მისი. ჩვენ გვესმოდა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ დახურვის თაობაზე - მათი ბიზნესი, ყველაფერი, საიდანაც შემოდიოდა რეკლამა, დატერორებული იყო. იდგნენ ავტომატიანი ადამიანები და არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. მაშინ ჩვენს მუშაობას სულაც არ ვთვლიდი გმირობად. მაგრამ ჩვენი დამფუძნებელი არ დამდგარა იმ პრობლემის წინაშე, რის წინაშეც "იმედის" მეპატრონე დადგა, როცა მისი საინფორმაციოს ხელმძღვანელმა გამოაცხადა, აღარ მრჩებიან კორესპონდენტებიო. 2003–ის რევოლუციური ეიფორიის დროს ყველა, ვინც აქციის მონაწილე არ იყო, ქვეყნის მტრად იყო შერაცხული. რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა ჩვენს ჟურნალისტებს. მაგრამ ბოლო დღემდე ასრულებდნენ თავის მოვალეობას.

თქვენი გადაბირების მცდელობა იყო?

- ყველასი, და მათ შორის ჩემიც. ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მეუბნებოდნენ, რომ გონიერი ვარ, მაქვს შანსი, გავიკეთო კარიერა, ვიყო კარგად. დიდი ხნის განმავლობაში ეს რეფორმატორული ფრთა სულ მთავაზობდა ასეთ იდეებს. ერთი-ორჯერ ვცადე მომესმინა მათი პოზიცია, მაგრამ ჩემს ზნეობრივ პრინციპებს ეწინაღმდეგებოდა. სულ მგონია, რაღაც ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ოცნებები და ღირებულებების იერარქია აქვთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხელისუფლებაშია. მაგრამ ალბათ მათაც უნდათ, როცა ხელისუფლებიდან წავლენ, თავისი ქალაქის ქუჩებში გაიარონ და ხალხმა უთხრას, როგორ მიყვარდითო. დღესაც, ამდენი ხნის ეკრანზე არყოფნის შემდეგ, როცა მხვდებიან ქუჩაში და როგორ მიყვარხართო, მეუბნებიან, ძალიან მიხარია. მიტინგზეც უთქვამთ, გვინდა ბოდიში მოგიხადოთ, თქვენი რომ არ გვჯეროდაო. მეტი რა არის ადამიანის ცხოვრება, რა კვალსაც დატოვებს სხვების გულში, სულ ეგ არის.

და რატომ არ სჯეროდათ თქვენი?

- მაშინ ვინც იყო მმართველი, იმდენ ხანს იყო ერთი კაცი, სულ რომ ფრთიანი ანგელოზი ყოფილიყო (თან ნამდვილად არ იყო), მაინც მობეზრდებოდათ, მაგრამ მე რევოლუციური ცვლილებების მომხრე არ ვიყავი, ვიცოდი, რა მოაქვს რევოლუციებს.

როგორ უთავსებდით ერთმანთს წამყვანობას და საინფორმაციოს ხელმძღვანელობას?

- ეს ძალიან ძნელი იყო. დალაგებულ ქვეყანაში სჯობს მენეჯერი და წამყვანი გამიჯნული იყოს. მაგრამ საქართველოს სხვა სპეციფიკა აქვს, როცა ეკრანზე ჩანხარ, ისტებლიშმენტი უფრო მეტად გცემს პატივს, გაწვდიან ინფორმაციას, ცნობადობა ხელს გიწყობს კარგ მენეჯერობაში. ჩემი ცხოვრების წესით ვარ ტოროლა, ყოველ დილით 6 საათზე მეღვიძება. საღამოს 11 საათი, როცა ჩემი გადაცემა იწყებოდა, ჩემთვის იყო ძალიან გვიანი. დილის გადაცემის წამყვანი უფრო დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი. საქმეს ბევრი დრო მიჰქონდა, ბიჭი ისე გაიზარდა ჩემი გრაფიკის გამო, ყურადღება აკლდა. ერთხელ გაკვეთილი ვერ მოუმზადებია სკოლაში და უთქვამს, საპატიო მიზეზი მაქვს, მამა სულ ციხეშია და დედა სულ ტელევიზორშიო. მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე იურისტია. ეს მთლად ხუმრობაც არ იყო, სჭირდებოდა მშობლებთან ურთიერთობა. ასე მგონია, სწორედ იმ რეალობას მთავაზობს ღმერთი, რომელიც იმ დროს ჩემთვის ყველაზე უკეთესია. დღეს ჩემს ქალიშვილთან ერთად ვარ, ის ჩემი გაზრდილია და არა - ძიძების, ჩვენ შორის სულიერი კონტაქტია.

ყველაზე რთული რესპონდენტი ვინ იყო თქვენთვის?

- ჩემთვის კი არა, მაშინ ყველასთვის რთული რესპონდენტი იყო დავით თევზაძე, რადგან ფაქტიურად არ ლაპარაკობდა. დიდი ნაწილი ეკავა შეკითხვებს, პატარა პასუხებს. მასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გადამხდა თავს. ბატონი დავითი გახდა თავდაცვის მინისტრი. პროფესიით ორივე ფილოსოფოსი ვართ, მეც ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მოვახერხე და წავედი ჩასაწერად. მხოლოდ "იბერიას" ჰქონდა ახალდანიშნულ მინისტრთან ექსკლუზიური ინტერვიუ. ცოტა მგონი ნასვამიც იყო, ალბათ აღნიშნეს დანიშვნა, თან ძალიან ხალისიანი. იმდენი არც მანამდე და არც მას მერე ულაპარაკია. ფრთაშესხმული ვიყავი, რომ ასეთი ინტერვიუ მოვიპოვე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კამერასთან მიკროფონი ცუდად ყოფილა შეერთებული, ამიტომ არც მიკროფონიდან ჩაიწერა და არც გარემოს ჩამწერი მიკროფონიდან. თუ ინფარქტი არ დამარტყამდა, არ მეგონა. ძალიან განვიცადე. არადა, ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო.

თქვენ მიგყავდათ "დიალოგი". იქ მართლა დიალოგი იმართებოდა თუ შეხლა–შემოხლაც იყო?

- ძალიან ვცდილობდი, რომ საუბარი ყოფილიყო დიალოგის რეჟიმში. იმასაც მსაყვედურობდნენ, სულ უღიმის ედუარდ შევარდნაძესო. მე ყველა მოსაუბრეს ვუღიმი, ასეთი ჩვევა მაქვს, მწვავე შეკითხვის დასმაც შემიძლია ღიმილით. მახსოვს ვარდების რევოლუციის პერიოდი, როცა ჩოლოქის საზღვარს მიადგნენ, მაშინ ასლან აბაშიძე არ იყო ადგილზე. იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია. მოვლენები შეიძლება უმართავი გამხდარიყო. კვირა იყო, ეთერში დავჯექი. მართლა ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ სიტუაცია განმუხტულიყო. ახლა ნინო ბურჯანაძეც ამბობს, რომ იყო ალტერნატიული გეგმა, რომ თურმე პრეზიდენტი მართლა აპირებდა ტანკების დაძვრას, დავით ბერძენიშვილის თქმით, იყო დაბომბვის საშიშროებაც. მეც ახლა უკვე ვიცი, რომ ტყუილად არ შემშინებია მაშინ და აჭარის რევოლუციის უსისხლოდ დასრულებაში ჩემი პატარა წვლილიც არის. სულ ამბობენ, რომ 2003 წლის რევოლუცია უსისხლოდ მოახერხეს. ეს მათ კი არა, მაშინდელი ხელისუფლების დამსახურებაა. უარი თქვეს საკუთარი სახელისუფლებო პრივილეგია გამოეყენებინათ. არ გამოიყენეს იარაღი. აბაშიძეს ზუსტად ისეთივე შანსი ჰქონდა რუსების ჩართვისა კონფლიქტში, როგორიც ახლა აქვთ ოსებს. საბედნიეროდ, მემედ აბაშიძის შვილიშვილმა მიიღო სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისი სამშობლოსთვის იმ დროს უკეთესი იყო. ეს უნდა აღინიშნოს კიდეც, მაგრამ, როგორც ჟურნალისტი, ვამბობ, რომ იქ არ იყო სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია. დღეს უკვე მთელ საქართველში დადგა ამის პრობლემა.

"იბერიიდან" წასვლის შემდეგ საავტორო გადაცემის გაკეთების სურვილი არ გქონდათ?

- მქონდა, 2007–ში საინტერესო წინადადებაც მივიღე "იმედის" მაშინდელი მფლობელისგან, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ბრიტანეთის საელჩომ სრულიად უმართებულოდ არ ჩამირტყა ვიზა და არ გამიშვა შესახვედრად. მერე თვითონაც იცით, რაც მოხდა.

რას ფიქრობთ გიორგი თარგამაძის და მისი კოლეგების "იმედიდან" წამოსვლაზე?

- ძალიან ცუდად ვაფასებ. ისინი წავიდნენ ტელეკომპანიიდან, რომელმაც მათ მოუტანა სახელი. გიორგის დღევანდელი რეიტინგი თუკი რამე აქვს, სწორედ "იმედის" დამსახურებაა. ეს ყველაფერი კი არ დააფასეს. სულ მცირე, შეეძლოთ, თუ ასეთ ტელევიზიაში მუშაობდნენ, რომელშიც არავინ არაფერს აძალებდათ, მოეხერხებინათ, საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდში, არჩევნების დროს არ დაეხურათ ტელევიზია. სიმწრით გახსნილი ტელევიზია ორ შაურად მიხურეს. ძვირადღირებულ ფოჩიან კანფეტებზე გაიყიდნენ. მუქარა "იბერიაშიც" ბევრი იყო, 23–ში რევოლუცია მოხდა, 24–ში ჩემი სახლის ფანჯარას სამი ტყვია მოხვდა. მაგრამ, მაშინ საერთოდ არ უნდა იყო ჟურნალისტი, თუ ასეთი რამეები გაშინებს. ახლახანს წავაწყდი კადრებს, სახურავზე როგორ ვეჩხუბები პოლიციელებს და მათ რეზინის კი არა, ნამდვილი ტყვიები ჰქონდათ. "იმედის" სახეები კი დარბევიდან ორიოდ კვირაში, მათ სამსახურში ჩადგნენ, ვინც "იმედზე" დარბევა განახორციელა.

თქვენ გულისხმობთ, რომ ისინი არ არინ ოპოზიციაში?

- საპარლამენტო ოპოზიცია რაცაა, ყველამ ვიცით. ამას წინათ მიხეილ მაჭავარიანი იყო ეთერში და თქვა, როცა გია თორთლაძე ოპოზიციაში იყოო. ანუ ახლა აღარ არის? მოვისმინე ვეფხვაძის ნათქვამიც, ჩვენც ვიყავით ოპოზიციაშიო. ზიგმუნდ ფროიდი წერდა, რომ წამოცდენა შემთხვევითი არ არის, უბრალოდ, ქვეცნობიერის ან დაფარულის გამჟღავნებაა.