შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საქმიანობის 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიული დონის ასამაღლებლად მთელი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ არაერთი სასწავლო ვიზიტი განხორციელდა. მაშველებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს და კიდევ უფრო გააუმჯობესეს საგანგებო სიტუაციებში ეფექტური რეაგირებისთვის საჭირო უნარებ-ჩვევები.
ბოლო 1 წლის განმავლობაში დეპარტამენტის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შესულ საგანგებო სიტუაციის 743 შეტყობინებასა და შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება. წარმატებული სამაშველო ოპერაციების შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა 2013 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 103 ადამიანი გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა მინისტრს დეტალურად გააცნო დეპარტამენტში დაგეგმილი და განხორციელებული სიახლეები, ასევე, პირადი შემადგენლობის მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები. ალექსანდრე ჭიკაიძეს აგრეთვე გააცნეს დეპარტამენტის მიერ გაფორმებული შეთანხმებები და სხვადასხვა მემორანდუმი, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, „გადავარჩინოთ ბავშვებისა“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ საქართველოს წარმომადგებლობებთან ურთიერთგაგების ერთობლივი მემორანდუმი ,,კატასტროფის რისკის შემცირება სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებში“-ის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია „DIPECHO“ ახორციელებს.
აღსანიშნავია ლიტვის რესპუბლიკის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გაფორმებული მემორანდუმი. 2013 წელს ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საშინაო ფრონტალური თავდაცვის სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისათვის მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო პირველადი მოხმარების საგნებისა და წყლის გამწმენდი საშუალებების გადმოცემასთან დაკავშირებით 2013 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა რეგიონული სამაშველო სამსახურებისა და სხვა დაწესებულებებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოამზადა ქვეყანაში მოსალოდნელი ჰიდროგეოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციების საპროგნოზო მასალები და მათგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციის შესახებ რეკომენდაციები.
2013 წელს ჩამოყალიბდა საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო, დამტკიცდა საბჭოს წესდება და შესაბამისი შემადგენლობა.
GIS-ის ტექნოგენური რისკების ელექტრონული რუკის სრულყოფის მიზნით მომზადდა სახიფათო ტვირთების გადაადგილების მარშრუტების გრაფიკი.
შეხვედრაზე მინისტრს ასევე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სხვადასხვა აქტივობების შესახებ