სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსს, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, ბევრი რამ აქვს სათქმელი ევროპის შესახებ, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით რეალურად რას ფიქრობს ჯ.დ. ვენსი ევროპაზე?
სტატიაში აღნიშნულია, რომ როგორც აშშ-ის იზოლაციონიზმის მხარდამჭერი და უკრაინისათვის დახმარების გაწევის მტკიცე კრიტიკოსი, ჯეიმს დევიდ ვენსის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევამ პანიკა გამოიწვია ევროპაში დიპლომატებს შორის.
მაგრამ რას შეიძლება ნიშნავდეს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ევროპისთვის? - POLITICO იკვლევს იმას, რაც სენატორმა აქამდე განაცხადა ევროპის შესახებ.
ჯეიმს დევიდ ვენსი ევროკავშირის შესახებ
ვენსი მკვეთრად აკრიტიკებდა ბრიუსელს უნგრეთისა და პოლონეთისთვის თანხების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილების გამო, რაც ბუდაპეშტსა და ვარშავაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრობლემებს უკავშირდებოდა.
„მოგეხსენებათ, ევროკავშირმა უკრაინაზე [ბუდაპეშტის] შეხედულებების გამო უნგრეთისთვის დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარება გაყინა. ევროკავშირმა გაყინა პოლონეთისთვის დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარება პოლონეთის კონსერვატიული მთავრობის შეხედულებების გამო. ეს არ არის წესებზე დაფუძნებული წესრიგი. ეს არის ევროპა, რომელიც ბრიუსელიდან და ბერლინიდან ლიბერალურ იმპერიალისტურ შეხედულებებს ამკვიდრებს დანარჩენ კონტინენტზე“, - განაცხადა მან თებერვალში მიცემულ ინტერვიუში.
ჯეიმს დევიდ ვენსი უნგრეთის შესახებ:
ტრამპის მსგავსად, ვენსმაც დადებითად ისაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე.
„უნგრეთში [ორბანის მთავრობის პირობებში] ისინი სთავაზობენ სესხებს ახლად დაქორწინებულ წყვილებს, რომელსაც რაღაც მომენტში ჩამოწერენ, თუ ეს წყვილები რეალურად დარჩებიან ერთად და შვილები ეყოლებათ. რატომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება აქ? რატომ არ შეგვიძლია რეალურად ხელი შევუწყოთ ოჯახის შექმნას?“ - განაცხადა ვენსმა 2021 წელს.
ჯეიმს დევიდ ვენსი პოლონეთის შესახებ:
ვენსმა გააკრიტიკა დონალდ ტუსკი მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა „რესპუბლიკელები“ მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინისათვის აშშ-ის დახმარების დაბლოკვის გამო.
„პოლონეთის ახალი ლიდერი [დონალდ ტუსკი] პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს და მისი ქვეყნის უსაფრთხოება ჩემი ქვეყნის კეთილშობილების შედეგია“, - დაწერა ვენსმა სოციალურ ქსელში.
ჯეიმს დევიდ ვენსი გერმანიის შესახებ:
ვენსის აზრით, გერმანიის ენერგეტიკული პოლიტიკა იდიოტურია.
„გერმანიის ქცევა ამ ომში სამარცხვინოა და შეურაცხმყოფელია ჩვენი ამომრჩევლებისთვის. რატომ აფინანსებენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელები გერმანიის იდიოტურ ენერგეტიკულ პოლიტიკას და თავდაცვის სუსტ პოლიტიკას? ეს საიდუმლოა“, - განაცხადა ვენსმა გასული წლის მარტში.