განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ სტაჟირების პროგრამაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას სახელმწიფო უწყებებში 1-ლი სექტემბრიდან შეძლებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის მონაწილე ახალგაზრდების შერჩევა, სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში დაიწყება და არსებობს იდეა, რომ მას მრავალჯერადი ფორმა მიეცეს.
„მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრმა უპრეცედენტო, მასშტაბური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დააანონსა. გუშინ გვქონდა პრემიერის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა, სადაც ბოლო დეტალები გავიარეთ. ამას წინ უძღოდა სტუდენტებთან შეხვედრა. მათგან მოვისმინეთ როგორ წარმოუდგენიათ შერჩევის კრიტერიუმი, როგორ უნდა ყოფილიყო მათთვის კომფორტული ეს პროცესი. შევაჯერეთ ეს ყველაფერი და ვფიქრობ აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდება კონკურსი, სადაც გვინდა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის თვითმმართველობები მოვიცვათ მთელი საქართველოს მასშტაბით და კარი გაიხსნება 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. ესენი იქნებიან წელს კურსდამთავრებული ბაკალავრები და მაგისტრები.
მთავარი შერჩევის კრიტერიუმი, ვფიქრობთ, რომ იყოს GPA. მზად ვართ, რომ მასშტაბური პროექტი დავიწყოთ, რომელიც პირველი სექტემბრიდან ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება იქნება, რომელიც მუდმივი სამსახურის პერსპექტივაა. ყველას ეყოლება მენტორი, შეასწავლიან საქმეს და დარწმუნებული ვარ, ამ სამიათასი სტაჟიორიდან დიდი ნაწილი დარჩება სახელმწიფო სამსახურებში. სტაჟიორის ანაზღაურება ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 500 ლარი დარიცხული, თუმცა ამაზე დეტალურ პრეზენტაციას პროექტის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი გამართავს. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. არის გეგმა, რომ ეს ყოველწლიურად განხორციელდეს, რათა ჩვენს ახალგაზრდებს დასაქმების რეალური სერვისები და წინაპირობები შევთავაზოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.