ირაკლი კობახიძემ ქართველ ოლიმპიელებს მიმართა - თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ყველა ჩვენგანისთვის

ირაკლი კობახიძემ ქართველ ოლიმპიელებს მიმართა - თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ყველა ჩვენგანისთვის

ქართული სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სპორტის გუნდურ სახეობებში, ბოლო პერიოდის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი ოლიმპიური ტრადიციებით.

ირაკლი კობახიძემ ვეტერან ოლიმპიელების ამ უდიდესი ტრადიციის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ იცით, რომ ქართული სპორტი ადგას განსაკუთრებული წარმატების გზას და იცით, რომ განსაკუთრებით, გუნდურ სახეობებში, ბოლო პერიოდის განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები. პირველად ისტორიაში, ჩვენმა გუნდებმა სხვადასხვა სახეობაში მიაღწიეს განსაკუთრებულ წარმატებას. ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში, გავიდნენ ჯგუფიდან, ეს იყო ძალიან დიდი წარმატება. ჩვენმა კალათბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდათ ჩვენს წყალბურთელებს, გავიდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, მორაგბეებმა მოუგეს რქვსი ერის გუნდებს, ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.

მე გადავხედე ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობას და ეს შემადგენლობა არის ნამდვილად ძალიან გამორჩეული და შთამბეჭდავი. მრავლად არიან გუნდში ოლიმპიური ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონატების ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის პირველობების ჩემპიონები და პრიზიორები და ეს ყველაფერი ძალიან დამაიმედებელია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისად, გამორჩეულად წარმატებული იქნება პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის მოგებული მედლებისა და მოგებული პირველი ადგილების თვალსაზრისით.

თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი პატარა ქვეყანა არის გამორჩეული თავისი ოლიმპიური ტრადიციებით, აქ იყო საუბარი შედეგებზე ჩვენ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქართველებმა მოვიგეთ 133 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის 41 იყო ოქროს მედალი და არანაკლებ წარმატებული იყო ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანი ოლიმპიელების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ეს უდიდესი ტრადიცია ქართული სპორტისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.