ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე: გამჭვირვალეობა დემოკრატიის საბაზო მოთხოვნაა - არ შეიძლება გამჭვირვალობა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ იყოს!

ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე: გამჭვირვალეობა დემოკრატიის საბაზო მოთხოვნაა - არ შეიძლება გამჭვირვალობა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ იყოს!

გამჭვირვალეობა დემოკრატიის საბაზო მოთხოვნაა - არ შეიძლება გამჭვირვალობა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ იყოს! - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, როცა მან ხმა აღნიშნულ კანონს მისცა, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ დემოკრატიის მოთხოვნა, გამჭვირვალეობა, ურთიერთანგარიშვალდებულება, ღიაობაა, რაც ყველა ურთიერთობაში უნდა იყოს შემოტანილი.

„კარგია, სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ ქვეყნის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა, თურმე მნიშვნელოვანია სამართლებრივი თუ პოლიტიკური დავების გადაწყვეტისთვის. ალბათ, პრეზიდენტი ხვდება იმასაც, რომ ძალიან ცუდია, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ინსტიტუტებს ხელაღებით და ყოველგვარი გააზრების გარეშე არალეგიტიმურად მიიჩნევს და ხშირ შემთხვევაში უგვანო ეპითეტებით მოიხსენიებს.

როგორი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ყველა გავიგებთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებას და საბოლოოდ გაუქმებას მოითხოვს.