„მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა იწყებს მუშაობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ საქართველოს საკითხის ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აქტიურად იყოს ევროპარლამენტის დღის წესრიგში“,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.
მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში იმყოფება. ის ევროდეპუტატებთან შეხვედრებს გამართავს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმ დრომდე, სანამ ახლად არჩეული ევროპარლამენტი საზაფხულო შვებულებას დაიწყებს, პირველი კომუნიკაცია უნდა შედგეს.
„მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობები, მათთან საქართველოს შესახებ საუბარი და საქართველოს საკითხების წინ წამოწევა. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა იწყებს მუშაობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის არდადეგებამდე მოვასწროთ ერთგვარად პირველი კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აქტიურად იყოს ევროპარლამენტის დღის წესრიგში. და რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობები იყოს პრიორიტეტული. და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით საქართველო იყოს ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დღის წესრიგში. მოხდეს ობიექტური ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა და რა თქმა უნდა, წვლილი შეიტანოს პოზიტიური ამ ორგანიზაციამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.