მე არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალება-გაუმჭვირვალობის შეფასებაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ძალიან დიდი სექტორი, - ამის შესახებ„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
გეგელიამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს ეხება.
„ქვეყანაში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, მათ შორის ერთკაციანი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამიტომ „ქართული ოცნების“ მანიპულაციური კვლევა, რომელიც რამდენიმე ზოგად არასამთავრობოს იღებს და იმ პოპულაციიდან, ამ ჯამიდან გამოჰყავს რაღაც სტატისტიკა, სასაცილოა. მე არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალება-გაუმჭვირვალობის შეფასებაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ძალიან დიდი სექტორი, რომელიც ათასობით სამოქალაქო ერთეულს აერთიანებს. მე რაც ვიცი, ყველა მსხვილ ძირითად არასამთავრობოს ძალიან კარგად აქვს დეკლარირებული ფინანსები“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგები ასეთია: 474 ორგანიზაციიდან 51 პროცენტს არ გააჩნია ვებ-გვერდი; დონორების შესახებ ინფორმაცია 62 პროცენტს არ აქვს მითითებული; პროექტების დასახელება მითითებული არ აქვს 68 პროცენტს; გრანტების ოდენობა 89 პროცენტს არ აქვს მითითებული; გრანტის ვადა ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს მითითებული; წლიური ანგარიში 97 პროცენტს არ აქვს მითითებული; გუნდის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მითითებული 70 პროცენტს.