ევროპარლამენტის 63 დეპუტატი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს, უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ამის მიზეზად კი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ბოლოდროინდელ ქმედებებს ასახელებენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ევროდეპუტატების წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ევროპარლამენტარებმა წერილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას გაუგზავნეს. ისინი წერილში ამბობენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საბჭოს თავმჯდომარეობის როლს და მას ბოროტად იყენებს. მათივე შეფასებით, უნგრეთის პრემიერმა მიზანმიმართულად არასწორად წარმოაჩინა თავისი უფლებამოსილებები რუსეთსა და ჩინეთში ვიზიტების დროს.
„ეს მოითხოვს რეალურ ქმედებებს, როგორიცაა უნგრეთისთვის საბჭოში ხმის უფლების შეჩერება, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ სიტუაციის უბრალო სიტყვიერ დაგმობას არანაირ ეფექტი არ მოაქვს“, – ამბობენ ევროპარლამენტარები.