„ხალხის ძალის“ წევრი, ტელეწამყვანი იოანე შაიშმელაშვილი „ქართული ოცნების“ კვლევას, რომლის მიხედვითაც 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციიდან 97% არ ავსებს წლიურ დეკლარაციას და ამის შემდეგ უკვე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც იოანე შაიშმელაშვილი წერს, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ NGO-ებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მცირე ინფორმაციით ვერ გადაიფარება ის კითხვები, რაც „რადიკალური“ სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობამ მცირე ინფორმაცია გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ ვის და როგორ აფინანსებდნენ 2019-2024 წლებში, სადაც აღმოჩნდა, რომ საჯარო უწყებებისთვის 517 მილიონი ევრო დახარჯულა, სამოქალაქო სექტორისთვის კი 46.1 მილიონი ევრო.
ეს ინფორმაცია კარგია რომ გამოქვეყნდა, მაგრამ ამ მცირე ინფორმაციით ვერ გადაიფარება ის შეკითხვები, რაც ე.წ. სამოქალაქო, „რადიკალური“ სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს.
ვერ გადაიფარება პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დასმული საკითხი - 2012 წლის შემდეგ ამ ორგანიზაციებისთვის დახარჯული 85.4 მილიონი ლარიდან 70 მილიონის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით;
ვერ გადაიფარება ვერც „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევისას დაყენებული საკითხები 474 NGO-ს აბსოლუტური ფინანსური გაუმჭვირვალობისა და ბუნდოვანი საქმიანობის შესახებ;
ვერ გადაიფარება ვერც ის, რომ როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ისე სხვა ოფიციალური პირები დასავლეთიდან, დეპუტატებსა და საჯარო მოხელეებზე თავდასხმებს საკუთარი დუმილით პირდაპირ ახალისებენ.
არსობრივად, თავდასხმა რომელიმე დეპუტატსა ან მინისტრზე, მისი ქუჩაში დევნა, ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მცდელობა, ფსიქოლოგიური ტერორი და ე.წ. დაქენსელების, ანუ საზოგადოებიდან მოკვეთის მცდელობა, ზუსტად იმავე მნიშვნელობისაა, რაც სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე ან შტატების საპრეზიდენტო კანდიდატ ტრამპზე თავდასხმა მკვლელობის მცდელობით.
შესაბამისად, რეაგირებაც დასავლეთის ოფიციალური ან არაოფიციალური პირებისგან მყისიერი და მკვეთრი უნდა იყოს, რაც ჯერჯერობით არ ხდება.
კარგია, რომ მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული ინფორმაცია ცნობილი გახდა, მაგრამ ეს არათუ საკმარისი არ არის, პირიქით, უფრო მეტ შეკითხვას აჩენს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აქ ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ფინანსებთან შეკითხვები ყოველთვის მცირე იყო.
ყველაზე დიდი შეკითხვები არსებობს იმ დონორებთან მიმართებით, რომლებიც ამ 474 და ალბათ კიდევ რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებლები არიან, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შავი ხვრელი არსებობს.
აი, სწორედ ამ შეკითხვებზეა პასუხი გასაცემი. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური ინფორმაციით კი ეს კითხვები ვერ გადაიფარება.“ - წერს იოანე შაიშმელაშვილი.