გასული ორი წლის განმავლობაში არაერთი კონკრეტული მაგალითი დაგვიფიქსირდა, როდესაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც წარმოადგენს ირიბ დაფინანსებას კონკრეტული პარტიებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
დეპუტატმა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი.
„ჩვენ არცერთი უწყებისგან არანაირი ინფორმაცია არ მოგვიძიებია. მხოლოდ საჯარო წყაროებს დავეყრდენით და ჩავატარეთ კვლევა იმაზე, 474 ორგანიზაცია რამდენად აზიარებს ინფორმაციას საქმიანობის და ფინანსების შესახებ. გასული ორი წლის განმავლობაში არაერთი კონკრეტული მაგალითი დაგვიფიქსირდა, როდესაც ფინანსები არამიზნობრივად გამოიყენებოდა და იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ აქტივობებს ეწევიან, ახორციელებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც წარმოადგენს ირიბ დაფინანსებას კონკრეტული პარტიებისთვის“, - აღნიშნა მიქანაძემ.
წამყვანმა მას ჰკითხა, ხომ არ სჯობდა ეს კვლევა ხელისუფლებას უფრო ადრე ჩაეტარებინა, ვიდრე ეს პროცესი [აქციები] დაიწყებოდა, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო.
„ორი თვე ვიყავით კანონის განხილვაში ჩართულნი, გვქონდა შეხვედრები და კვლევისთვის დრო იმდენად არ იყო. მას შემდეგ, რაც ვეტო დაიძლია, პროცესები დაწყნარდა, შევისწავლეთ პარტიის ფორმატში, საჯარო წყაროებით, ყოველგვარი ინფორმაციის გამოთხოვნის გარეშე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის შემოღება და საქართველოში დანერგვა აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა სექტორი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“, - განაცხადა მიქანაძემ.