შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაკარგა ნაციონალური ინტერესი და გახდა უფრო გლობალური ძალების წარმომადგენელი. მაგრამ, ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ გაჩნდება მეორე შეკითხვა: თვითონ ოკეანის გაღმელი პოლიტიკური ძალები ვისი ინტერესებით მოქმედებენ? - ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პროფესორმა, ლევან ჭოტორლიშვილმა, ტელეკომპანია „პოსტვ“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღის წესრიგს, როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, ქმნიან დიდი კორპორაციები და პოლიტიკური დისკურსები, შედეგად, ძალაუფლების და ხელისუფლებისა და საზოგადოების მოწყობის ორი ტიპი ეჯახება ერთმანეთს - ისტორიული და ახალი, რომელიც სახელმწიფოს აღარ განიხილავს, როგორც ორგანიზაციის ერთადერთ ფორმას.
„იქაც ხომ იგივე პროცესები მიდის ზუსტად, რაც მოხდა გუშინ ღამით [ტრამპზე თავდასხმა], იქაც ხომ იგივე პოლიტიკური პროცესები მიდის რაც ევროპაში, იქაც ხომ ერთმანეთს ეჯახება ნაციონალური სახელმწიფოს იდეა და გლობალისტური ძალაუფლების და საზოგადოების თემა, რომელსაც არ აქვს საზღვრები და გავლენები უნდა იყოს გავრცელებული ფაქტობრივად ყველგან და ყველაფერში. იქაც იგივე პროცესები მიდის, მე ასე ვხედავ. ამ თვალსაზრისით, თუ ევროპული ბიუროკრატია მისდევს ამერიკული ბიუროკრატიის და „დიფ სტეიტის“ პოლიტიკას, მაშინ საკითხი დგება უკვე თვითონ ამერიკული „დიფ სტეიტი“ ვის ემსახურება. მე ამას ვხედავ ისე, როგორც ძალაუფლების ცენტრების გადანაცვლება ბიუროკრატიიდან და სახელმწიფო აპარატიდან ხდება კორპორაციებში და პოლიტიკური დისკურსებში. დღეს, რეალურად, დღის წესრიგს ქმნიან დიდი კორპორაციები და პოლიტიკური დისკურსები.
ფაქტობრივად, ძალაუფლების და ხელისუფლების და საზოგადოების მოწყობის ორი ტიპი ეჯახება ერთმანეთს: ისტორიული და ახალი, მოდერნული თუ პოსტმოდერნული სისტემა, რომელიც აღარ უყურებს სახელმწიფოს, როგორც ორგანიზაციის ერთადერთ ფორმას. ამ თვალსაზრისით, თვითონ ამერიკაც ამ პროცესების ნაწილია“, - განაცხადა ლევან ჭოტორლიშვილმა.