ძალიან მინდა, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს არჩევნებზე და საბოლოო ჯამში დაუმტკიცოს მთელ ამ მემარცხენე ისტებლიშმენტს, რომელიც ამ მომენტშია ხელისუფლებაში აშშ-ში, რომ ქვეყნის ასე მართვა არ შეიძლება, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„მიუხედავად ამ უკიდურესი დაძაბულობისა, რაც აშშ-შია, ჩვენ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე და ადეკვატურობა გვმართებს“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, - განაცხადეს უწყებაში.