საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ NDI-ს აქვს ნეიტრალური დამკვირვებლობაზე პრეტენზია და ამავე დროს, „რადიკალურ ოპოზიციას სხვადასხვა აქტივობაზე დაატარებს“.
„მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი განცხადებები კედელს ეხეთქება და სამწუხაროდ, აბსოლუტურად ყრუ კედელს ვხვდებით ზოგიერთი დონორის სახით. NDI ამის კარგი მაგალითია. მათ ერთის მხრივ, უკვე აქვთ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ დამკვირვებლები. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტით, ეუთო/ოდირის ქცევის წესების მიხედვითაც, დამკვირვებელი უნდა იყოს ნეიტრალური. ანუ აცხადებენ პრეტენზიას, რომ არიან ნეიტრალური დამკვირვებლები წინასაარჩევნო პროცესის და არჩევნებისა. ამავე დროს, NDI არის ორგანიზაცია, რომელიც დაატარებს რადიკალურ ოპოზიციას სხვადასხვა აქტივობაზე. ვნახეთ, რომ ხან მათ წინასაარჩევნო სტრატეგიის დახმარების ღონისძიებებს აორგანიზებს და ახლა უკვე წინასაარჩევნო შეხვედრის ორგანიზებისთვის უხდიან მადლობას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები NDI-ს, რაც რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვებს ამ ორგანიზაციის ნეიტრალურობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია, აღნიშნულ ორგანიზაციაში არ იცოდნენ, რომ ამით ნეიტრალიტეტს არღვევენ.
„როგორც ჩანს, ამის მიუხედავად, არის გარკვეული უხეში ჩარევის მცდელობა წინასაარჩევნო გარემოში. ჩვენ გვსმენია ბევრი პრეტენზია არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან, რის რისკებიც მაღალი არის ყოველთვის საქართველოში, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში. ევროპაშიც, ამერიკაშიც გსმენიათ არაერთხელ განცხადებები, როგორ ცდილობს, ჩაერიოს რუსეთი თუ სხვა სახელმწიფო ევროპულ თუ ამერიკულ არჩევნებში. ასეთი სტანდარტით რომ ხდება შემდეგ ამერიკული თუ ევროპული ორგანიზაციის მხრიდან საქართველოში ოპერირება, ეს რამენაირად ჯდება დემოკრატიულ ღირებულებებში? ეს რამენაირად არის ის, რასაც ჩვენ ვესწრაფვით და რაც გვაქვს კონსტიტუციის 78-ე მუხლში? ეს არის ის ღირებულება, რომ უცხოური ორგანიზაცია ჩამოვიდეს, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში, შემდეგ მის განხორციელებაში დაეხმაროს და თან ამავე დროს გამოვიდეს და პრეტენზია გვითხრას, რომ ის არის ნეიტრალური დამკვირვებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა წნორში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სოციალურ ქსელში კი NDI-ს მადლობა გადაუხადეს. NDI-ს წარმომადგენელმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ შეხვედრა „სამოქალაქო ინიციატივის“ ორგანიზებულია, რომელზეც მათ გრანტი გასცეს.
შეხვედრის ორგანიზებას და ამ პროცესში უშუალო ჩართულობას NDI-ში უარყოფენ.