ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ „ენჯეოების“ გარკვეული ნაწილი არის ერთგული და ლოიალური არა საკუთარი ქვეყნის მიმართ, არამედ ერთგულები არიან საკუთარი დამფინანსებლის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მოვიყვან მაგალითებს: გახსოვთ წელიწადნახევრიანი ისტერია იმასთან დაკავშირებით თითქოს საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით ხდებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამას აკეთებდა ერთ-ერთი „ენჯეო“, პარტია „დროა“, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. არიან საქართველოში „ენჯეოები“, რომლებიც მილიონებს იღებენ ამერიკული და ევროპული ფონდებიდან, რომ დეზინფორმაციას ებრძოლონ. მე მაშინ არაერთხელ მივმართე საჯაროდაც ამ „ენჯეოებს“, რომ გადაემოწმებინათ და ემხილებინათ, იყო თუ არა ეს დეზინფორმაცია. რა გააკეთეს? - გაჩუმდნენ. რატომ? - იმიტომ, რომ ამ დეზინფორმაციის თანაავტორები იყვნენ მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსები, საიდანაც ეს ენჯეოები ფინანსდებიან ევროპის დემოკრატიის ფონდის გავლით. რა თქმა უნდა თავიანთ დონორს ხელი დააფარეს. ეს აჩვენებს, რომ ეს „ენჯეოები“ არა საკუთარი სამშობლოს ერთგულები არიან, არამედ ერთგულები არიან საკუთარი დამფინანსებლის. ისინი საქმეს უფუჭებენ არამხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ ეს საბოლოო ჯამში ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს“, - აცხადებს პაპუაშვილი.