გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი წერილის მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე - როგორ ებრძვის თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი ნორმალურ, ცივილიზებულ სამყაროს

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი წერილის მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე - როგორ ებრძვის თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი ნორმალურ, ცივილიზებულ სამყაროს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, წერილის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ახსნაა, თუ როგორ ებრძვიან ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ტრადიციებს და ღირებულებებს.

გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ტრამპზე თავდასხმა არა მხოლოდ პიროვნებაზე იერიში, არამედ ტრადიციების, ღირებულებებისა და მშვიდობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმაა.

დეპუტატის თქმით, უცხო ძალის წარმომადგენლები, რომლებიც რადიკალური გზებით ებრძვიან ცივილიზებულ სამყაროს, საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებისას ობიექტურები არ იქნებიან.

„ჩვენი წერილის მიზანი, პირველ რიგში, არის გამოვეხმაუროთ ამ ამაზრზენ ფაქტს - ტრამპის მკვლელობის მცდელობას. ეს არ იყო ტრამპის, როგორც მხოლოდ პიროვნების წინააღმდეგ მიმართული აქტი, ეს იყო - მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ომის მსურველმა ესროლა მშვიდობის მსურველს, ანუ ომმა ესროლა მშვიდობას, ტრადიციებს ესროლა ლგბტ პროპაგანდამ. შესაბამისად, ჩვენი წერილის მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე - როგორ ებრძვის თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი ნორმალურ, ცივილიზებულ სამყაროს. როდესაც ასეთი უცხოური ძალის წარმომადგენლობა, სხვადასხვა ენჯეოების თუ დონორების სახით, გამოვლენ და ობიექტურობის მანტიას მოისხამენ სხვა ქვეყნებში, ამ შემთხვევაში საქართველოში, არჩევნებზე დასაკვირვებლად, რა თქმა უნდა, აქ სანდოობის ხარისხი მცირდება და არავის აღარ ექნება იმის ილუზია, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც კლავენ მშვიდობას, ტრადიციებს და ოჯახურ სიწმინდეებს, რომელიმე ქვეყანაში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ობიექტურები იქნებიან“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.