„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ წერილს, სადაც მოჰყავს არაერთი მაგალითი იმის, თუ სადამდე შეიძლება პარანოიამ მიიყვანოს საზოგადოება ამა თუ იმ ფაქტის შეფასებისას, როგორც შეიძლება მოინათლოს არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის პროექტი და როგორ ხდება „მტრის“ ხატის შექმნა. დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ პარანოია ხშირად გაუთვალისწინებელ პროცესებს იწვევს დავით ქართველიშვილი პარანოიას უკავშირებს საქართველოში დაგეგმილი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას, თუმცა, ჯერ ვერ აკონკრეტებს ამ გადაწყვეტილების მიზეზად „რა მოელანდათ“ დასავლელ პარტნიორებს.
„მოგეხსენებათ, თუ თქვენ პარანოია გჭირთ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ არ გითვალთვალებენ. მაგრამ, უნდა აღიაროთ, რომ სწორედ პარანოია ართულებს იმის ზუსტ დადგენას, თუ ვინ ახორციელებს თქვენ ფარულ თვალთვალს სინამდვილეში, რადგანაც თქვენი ეს ავადმყოფური მდგომარეობა მუდმივად აფართოებს ეჭვმიტანილთა წრეს. ავტორიტეტული გამომცემლობა The Wall Street Journal-ის თანახმად, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კერძო ფორმით გააფრთხილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიები, რომ წყალქვეშა კაბელები, რომლებიც ატარებენ ინტერნეტ ტრაფიკს წყნარ ოკეანეში, დაუცველი არიან ჩინეთის სარემონტო გემების მხრიდან ჩასატარებელი მანიპულაციებისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის ეჭვების ადრესატი ჩინური საერთაშორისო საკაბელო სარემონტო კომპანია S.B. Submarine Systems-ია, რომელიც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პერიოდულად „უმალავდა“ თავისი გემების ადგილმდებარეობას სატელიტური თვალთვალის რადარებს. მართალია, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ხდებოდა არა შპიონაჟისა და მდებარეობის განზრახ დამალვის მიზნით, არამედ წყნარი ოკეანის არასაკმარისი თანამგზავრული დაფარვის გამო, მაგრამ როცა საქმე ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეს ეხება, ვის აინტერესებს “კოსმოპოლიტი“ ექსპერტების მოსაზრება?! ადეკვატური სპეციალისტების აზრის უგულებელყოფით, ამერიკელი პატრიოტი-ჩინოვნიკები გვთავაზობენ „სამყაროს სრულყოფილ სურათს“, რომლის თანახმადაც ჩინური სარემონტო გემები ღრმაწყლოვან ფსკერზე გამავალი კაბელებიდან „ხსნიან“ საიდუმლო ინფორმაციის შემცვლელ მონაცემებს. იმავე გამომცემლობის თანახმად, ამერიკელი კონგრესმენების სულ უფრო დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ გარდა „კლასიკური“ შპიონაჟით დაკავებული ჩინური ფლოტისა, მაღალი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე ჩინური სარემონტო გემები აკონტროლებენ აშშ-ს მთელ სანაპირო ზოლს 24/7 რეჟიმში.
იმ ფაქტს, რომ „ჩვენს ირგვლივ უამრავი მტერია“, რომელიც ამერიკული დემოკრატიის დამხობის გეგმას აყალიბებს, გამომცემლობა ამყარებს 20 წლის ინდოელი საი კანდულას ისტორიით, რომელიც ერთი წლის წინ სატვირთო მანქანით თეთრი სახლის ღობეს შეეჯახა. მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, მას მხოლოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამშობლოში შემდგომი დეპორტაციის ვალდებულებით. სასამართლო პროცესზე მან აღიარა, რომ სურდა აშშ-ს მთავრობის დამხობა და მისი ჩანაცვლება ნაცისტური დიქტატურით. ის ფაქტი, რომ ბრალდებული შიზოფრენიისაგან განკურნების მიზნით ძლიერ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, ვერ გახდა შემამსუბუქებელი გარემოება „დემოკრატიის სადარაჯოზე“ მყოფი ამერიკული სასამართლო სისტემისთვის. ახლა კი, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი დაუცველი იქნება ამერიკული „დემოკრატიის ციტადელი“, თუ მზაკვარი ჩინელები მოახერხებენ საკუთარი სარემონტო გემების ამწეებზე მსგავსი ინდუსი ოპერატორების დასაქმებას! თუმცა, ამერიკული პარანოიას რეციდივებში „პეკინის ხელი“ მაინც ვერანაირად ვერ შეედრება კლასიკური „მოსკოვის ხელის“ შესაძლებლობებს. კიდევ ერთი ძალზე პატივსაცემი გამომცემლობა The Times წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები, რომლებიც მონაწილეობდნენ ესტონეთში წვრთნებში [ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნების Steadfast Defender-ის ფარგლებში] გააფრთხილეს, რომ რუსული დაზვერვა მათ მობილურ ტელეფონებს აკონტროლებდა. ამიტომ ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს ურჩიეს, წვრთნების დროს მობილური ტელეფონები თან არ წაეღოთ. აქ კი, ერთმანეთს შეეჯახა ერთდროულად ორი ეჭვის დრამატული სუპერპოზიცია: მოსკოვის – მზაკვრობაში, ხოლო საკუთარი მებრძოლების – უპასუხისმგებლობაში.
ამიტომაც, სწავლების სარდლობამ აიძულა ბრიტანელ მეომრებს ზღვაში გადახტომა, რათა მათ მიერ დამალული მობილური ტელეფონები გამოეყვანათ მწყობრიდან. შესაძლოა, იმავე ტიპის პარანოიას გამო, ესტონეთში ნატოს 250 მებრძოლის პარაშუტით დესანტირება განახორციელეს ძლიერი ქარის პირობებში, რის გამო ისინი მიმოიფანტნენ ისეთ დიდ ტერიტორიაზე, საიდანაც მათ დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდნენ ჰოსპიტალში გასაგზავნად. მეტიც, ერთმა მედესანტემ, ოფიციალური ინფორმაციით, დედამიწაზე დაშვებისას ზურგჩანთით ჩამოაგდო ელექტროგადამცემი ხაზის ბეტონის ბოძი. ამ ეტაპზე ძნელია იმის მარჩიელობა, თუ ვისი „ხელი“ მოელანდათ საქართველოში – პეკინის თუ მოსკოვის, მაგრამ ამასობაში ჩვენთან დაგეგმილი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ გაურკვეველი ვადით გადაიდო. ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამას მომავალი გვიჩვენებს," - წერს დავით ქართველიშვილი.