ჩვენი პოლიტიკური გუნდის მზიანია, რომ პატიმრების რაოდენობა პენიტენციურ დაწესებულებებში ეტაპობრივად შევამციროთ და დავიყვანოთ საერთო სტანდარტამდე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საბოლოოო მიზანია, რომ დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდეს პატიმრების რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამისათვის პირველი ნაბიჯია ამნისტია, რომელიც დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში, პატიმრების ერთ მესამედს შეეხება სხვადასხვა ფორმით, სასჯელის განახევრებით, მეოთხედით შემცირებით, მეექვსედით შემცირებით. ასევე შეეხება პრობაციონერების დიდ რაოდენობას. დაბალანსებულია იმ მხრივ, რომ არის ორი სიკეთე და პერსპექტივა. ერთი მხრივ ეს არის სახელმწიფოს ჰუმანურობის გამოჩენა და პატიმრებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ შემდგომ გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და საზოგადოების ეს ჰუმანური მიდგომა და იყვნენ თავისუფლებაზე. მეორე მხრივ საზოგადოების ინტერესი, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამიტომ, ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი. მადლობა კიდევ ერთხელ აღმასრულებელი ხელისუფლების, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს. განსაკუთრებული მადლობა ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომელმაც ამაზე ინტენსიურად იმუშავა. ვფიქრობ, არის ძალიან დაბალანსებული პროექტი, რომელიც დაახლოებით 10 პროცენტამდე პატიმარს მისცემს შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ გამოვიდეს თავისუფლებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა იმ ოპონენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ ჩაერთვებიან ამ პროცესში და ფიქრობენ, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ ხმების მოსყიდვის მცდელობა.
„თუკი ასე ფიქრობენ, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ამნისტიას. თავადაც ხომ მიიწერენ მაშინ ამას როგორც პოზიტიურ ნაბიჯს, თუკი ასე ფიქრობენ. ეს არის გაუგებარი. ამით აღიარებენ, რომ ეს არის საზოგადოების ინტერესში და საზოგადოების მოწონებით სარგებლობს ეს ინიციატივა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ. თავადაც თუ ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა, საარჩევნოდ წაადგეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მათაც ხომ წაადგებათ. ნაცვლად ამისა, კრიჭაში უდგებიან საზოგადოებას, პარლამენტს, იმისთვის რომ არ აჩვენონ საერთო ჯამში თანამშრომლობის რაიმე ნაირსახეობა“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.