ქალბატონი სალომეს განზრახვაა, მიმართოს იმ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებასაც სამარცხვინო უწოდა და არ აღიარა ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საუბარია „უცხოური გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბიშვილის სარჩელზე.
მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი სასამართლოში სარჩელს შეიტანს, ეს იმის დასტური იქნება, რომ ის აღიარების ამ ინსტიტუციის გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
„რა შეიცვალა ამ თვეების განმავლობაში? თუ კი ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, გამოდის რომ აღიარებს მის ლეგიტიმაციას, ამ მოსამართლეების ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე გადაწყვეტილების და იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც. მას რომ ჰქონდეს ის კონსტიტუციური თუ მორალური სტანდარტი რაც ამ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ვხედავთ რომ გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი თანამდებობა, იკადრა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სამარცხვინო უწოდა და დღეს ისევ ამ მოსამართლეებს მიმართავს სამართლის საძიებლად. ეს არის საერთო ჯამში ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე, სადაც ქალბატონი სალომეც არის ჩაწერილი. ვინმეს თუ რაიმე კითხვა აქვს კანონთან დაკავშირებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში სამართლიანობა დააბრუნა ამიტომ ყველას შეუძლია მიმართოს და არა ისე მოიქცეს როგორც იქცევიან ენჯეოები, რომლებიც ამბობენ, რომ კანონს არ დაემორჩილებიან, იმიტომ რომ არ მოსწონთ. ეს ენჯეოები და მათ უკან მდგომი დონორები ახალისებენ იმას, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა იყოს, და ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში ჯუნგლების კანონი უნდა იყოს და არა სამართლებრივი სახელმწიფო. ეს მოიტანა ამ ენჯეოების საქმიანობამ. ეს არის ის მაგალითი, რასაც ამერიკული და ევროპული დონორები აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს. ვიღაცა გამოვა და იტყვის რომ არ მოსწონს პარკირების წესი, ვიღაცა იტყვის, რომ წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები არ არის სწორი და არ დაემორჩილება ამ ფერებს, ვიღაცა სხვა წესებს არ დაემორჩილება. სინამდვილეში ეს არის მათი ევროპა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხომ ასეთი ევროპა ჰქონდა აშენებული ამ ქვეყანაში, სადაც უკანონონობა, დევნა და ძალადობა მმართველობის ნაწილი იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.