შალვა პაპუაშვილი: ბიუროს დასრულების შემდეგ მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი: ბიუროს დასრულების შემდეგ მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით

ბიუროს დასრულების შემდეგ მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით, 18 ივლისის 12:00 საათიდან და როგორც წინა კვირას დავაანონსეთ, მიმდინარე კვირას გვექნება რიგგარეშე სესია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სხდომებს, ჩვენ სხდომა გვექნება 18-ში და 19-ში. სავარაუდო საკითხები დღის წესრიგის, რომელიც ამ მიმართვაში იქნება, არის გენერალური პროკურორის არჩევა, „ამნისტიის შესახებ“ პროექტი და ასევე, რამდენიმე კანონპროექტი განათლების მიმართულებით, თამბაქოს კონტროლი და ა.შ. დიდი მოცულობა არ არის საკითხებისა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არის დაჩქარებული კანონპროექტები, აქედან, ხუთშაბათი და პარასკევი ორივე დღე დაგვჭირდება, მათ შორის, ვადებიდან გამომდინარე, პარასკევი დღე გვჭირდება ამნისტიის განსახილველად, ვინაიდან, არსებობს ვადები საკომიტეტო განხილვის ჩანიშვნისთვის. ამიტომ, შინაარსობრივად, სავარაუდოდ ასე იქნება, რომ ხუთშაბათს კომიტეტი უკვე შეძლებს, რომ მოუსმინოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს და 12 საათზე სხვა საკითხებთან ერთად უკვე შეგვიძლია კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი. პარასკევს კომიტეტზე იქნება ამნისტიის საკითხის განხილვა და შესაბამისად, პარასკევს გვექნება პლენარულ სხდომაზე ამნისტიის კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრები.

ხუთშაბათს ერთი კენჭისყრა, პარასკევს ორი კენჭისყრა გვექნება დაჩქარებული პროექტიდან გამომდინარე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.