„ქართული საოკეანო სანაოსნოს

„ქართული საოკეანო სანაოსნოს" სკანდალური ისტორია

ქართველი მეზღვაურები ისევ სამსახურის გარეშე დარჩნენ, გაყიდულ გემებზე რუსეთისა და ფილიპინების ეკიპაჟები გამოჩნდა. ეს, ის სანაოსნოა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასაც კი უკავშირებენ.

ექსპერტების განცხადებით, ის, რაც ბათუმის "საოკეანო სანაოსნოში" ხდება, საქართველოს მთავრობის დამსახურებაა, უფრო ზუსტად კი 2004-2005 წლების "ბნელი" პრივატიზაციის შედეგებია.

ათასგზის გაყიდული სანაოსნოს ირგვლივ სკანდალი არ ნელდება. სანაოსნოს მფლობელმა კომპანია "ისტვინდიმ", 1 ივლისს, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. გაკოტრების ერთ-ერთ მიზეზად დიდი რაოდენობით საბანკო ვალები სახელდება, რომელიც კომპანიას იაპონური ბანკების მიმართ გააჩნდა. ბანკებში გარანტად გემები იყო ჩადებული.

საქართველოს მეზღვაურთა კავშირის თავმჯდომარის ანატოლი ჩიჯავაძის ინფორმაციით, გემებიდან 5 ქართული ეკიპაჟი უკვე ჩამოსვეს. 3 ეკიპაჟი გზაშია, რომლებსაც პორტში შემოსვლისთანავე გაათავისუფლებენ. გათავისუფლებულ გემებზე კი უცხოური ეკიპაჟები გამოჩნდა.

"სიტუაცია ერთობ დაიძაბა, ქართული ეკიპაჟები გემებიდან ჩამოჰყავთ, გემები კი იყიდება. არ ვიცით ვინ არის ახალი გემთმფლობელი და არც ის ვიცი დაასაქმებს თუ არა ჩვენს მეზღვაურებს. ახალ გემებზე უცხოური ეკიპაჟები გამოჩნდა. არადა, როდესაც სახელმწიფომ სანაოსნო გაყიდა, ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ ახალი მფლობელები ქართველ მეზღვაურებს 12 წელი შეუნარჩუნებდა სამუშაო ადგილს, ჯერ მხოლოდ 4 წელი გავიდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, კომპანია "ისტვინდის" იაპონური ბანკების ვალები ჰქონდა, გარანტად კი ეს გემები იყო ჩადებული. ახლა გემები იყიდება, მეზღვაურები კი ისევ სამუშაოს გარეშე დარჩნენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანატოლი ჩიჯავაძე.

ასე რომ, კომპანია "ისტვინდის" გაკოტრების შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილი 700-მდე მეზღვაურის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. საზღვაო სანაოსნოს "ისტვინდის" შვილობილი კომპანია "ჯორჯიან ტანკერს ლიმიტედი" მართავდა.

ეკონომიკის სამინისტროს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რა გზით შეძლებს მეზღვაურების დახმარებას. სამინისტროში აცხადებენ, რომ "ჯორჯიან ტანკერს ლიმიტედთან" გაფორმებული ხელშეკრულება, უმუშევრად დარჩენილი მეზღვაურებისათვის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს. ჩიჯავაძის განცხადებით კი, მეზღვაურებს არა კომპენსაციის საკითხი, არამედ უმუშევრობა აწუხებთ.

სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების პირობებით ამერიკულ კომპანიას სანაოსნოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მრავალმილიონიანი ვალის დაფარვის გარდა, საზღვაო აკადემიის დაფინანსება, სანაოსნოს გემების ქართული დროშის ქვეშ ცურვის უზრუნველყოფა და არსებული სამუშაო ადგილების 12 წლის განმავლობაში შენარჩუნება ევალებოდა.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, თუკი გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გემების ეკიპაჟები კომპანიის მიზეზით უმუშევრები დარჩებოდნენ, "ისტვინდმა" 4 მილიონ 50 ათასი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.

ექსპერტთა ნაწილის ინფორმაციით, მსგავსი კომპანიების გაკოტრების შემთხვევაში თანამშრომელთა დაზღვევის ერთადერთ მექანიზმს სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს. ხელშეკრულებაში შესაბამისი მუხლის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რითაც თანამშრომლების დაცვას უზრუნველყოფს.

ჯერ კიდევ 2004 წელს ხელისუფლებამ მემორანდუმის საფუძველზე სანაოსნო დანიური წარმოშობის "გრინოუქ გრუპის" მფლობელს დანიელ იან ბოდენ ნილსენს გადასცა. თუმცა, 2005 წლის იანვარში ტენდერი გამოაცხადა, რომელზეც გამარჯვებულად ოფშორულ ზონაში, კარიბის აუზში დარეგისტრირებული ავსტრალიურ-ბრიტანული "არმსტრონგ ჰოლდინგ კორპორეიშენი" გამოცხადდა. ამ გარიგების შემდეგ გარდაიცვალა პრემიერი ზურაბ ჟვანია.

მოგვიანებით, "არმსტრონგ ჰოლდინგ კორპორეიშენმა" აღნიშნულ აქტივებზე უარი თქვა (ან ათქმევინეს), რის შემდეგაც ქართული სანაოსნო ოფშორში, ამჯერად უკვე მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ბრიტანულ-ამერიკული "ისტვინდის" შვილობილ კომპანიას "ჯორჯიან ტანკერს ლიმიტედს" უკონკურსოდ, პირდაპირი მიყიდვის წესით 93 მილიონ დოლარად გადაეცა.

ასე რომ, პირველად სანაოსნოზე გამოცხადებულ ტენდერში სწორედ "საეჭვო რეპუტაციის მქონე" დანიელმა ნილსენმა გაიმარჯვა. მან სანაოსნო 107 მილიონ დოლარად შეიძინა და მთავრობამაც იმ ეტაპზე ყველაზე უხვ გადამხდელთან წინასწარი შეთანხმების მემორანდუმიც გააფორმა.

ნილსენთან მოსკოვის მერის იური ლუჟკოვისა და ასლან აბაშიძის მეგობრობის გამო (ამას მისი ცუდი რეპუტაციაც ემატებოდა), ოპოზიციის მიერ ატეხილმა ხმაურმა მთავრობა იძულებული გახადა, ტენდერი გადაედო და უფრო მეტი თანხის გადამხდელის წინადადებები განეხილა.

სწორედ ასეთი აღმოჩნდა "არმსტრონგ ჰოლდინგი", ანუ ნაუცბათევად შექმნილი კომპანია. იგი 161 მილიონი დოლარის გადახდას აპირებდა, რომელთაგან 72 მილიონი დოლარი გერმანიის ბანკების მიმართ სანაოსნოს დავალიანების დაფარვას მოხმარდებოდა, 89 მილიონი დოლარი კი ქვეყნის ბიუჯეტს შეავსებდა. სანამ საქართველოს მთავრობამ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა.

დიდი სკანდალებით გამორჩეული "საქართველოს საზღვაო სანაოსნოს" პრივატიზაცია საზოგადოებას დამთავრებული რომ ეგონა, მოულოდნელად ეკონომიკური განვითარების მაშინდელმა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა ყველას აუწყა "არმსტრონგ ჰოლდინგთან" მოლაპარაკებები იშლება და სანაოსნო სხვა კომპანიას გადაეცემაო.

"არმსტრონგ ჰოლდინგთან" მოლაპარაკებების გაწყვეტა შემდეგ არგუმენტს ემყარებოდა - გამარჯვებულმა კომპანიამ მემორანდუმით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკის შეცვლა მოითხოვა.

საკვირველი იყო ისიც, რომ მთავრობა ცალი ხელით საპრივატიზაციო კონკურსში გამარჯვებულ "არმსტრონგ ჰოლდინგთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მეორე ხელით კი "სანაოსნოში" სხვა კომპანიებს ეპატიჟებოდა.

მაშინ მთავრობის ეს ჟესტი, საკმაოდ გაუგებარი აღმოჩნდა. თუ მან ტენდერში გამარჯვებულად "არმსტრონგი" გამოაცხადა, მაშინ სხვა კომპანიებთან მოლაპარაკებებს რატომღა აწარმოებდა? ერთ-ერთი ვერსიით, "არმსტრონგ ჰოლდინგი" ნილსენის მოწინააღმდეგეების გასაჩერებლად დასაყრდენი იყო და მთავრობა ამ კომპანიით მანიპულირებდა. ის, რომ მთავრობა "არმსტრონგს" სერიოზულად არ მიიჩნევდა ამ კომპანიის შესახებ არსებული საკმაოდ მწირი ინფორმაციებიც მიუთითებდა.

როგორც საქართველოში შემოსული უმეტესი კომპანია, "არმსტრონგ ჰოლდინგიც" ოფშორში იყო რეგისტრირებული. იგი 2004 წლის იანვარში შეიქმნა და არავითარი კავშირი არ ჰქონდა გემებთან, არც გემთმფლობელი გახლდათ და არც აქტივებში ჰყავდა გემები. კომპანია გაზისა და ნავთობის საკითხებზე კონსულტაციებს გასცემდა. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ლიდენი კი რამდენიმე ასეთი ფირმის ყოფილი ხელმძღვანელი გახლდათ.

საბოლოოდ, "არმსტრონგზე" შემომწყრალმა მთავრობამ "საოკეანო სანაოსნო" თავისი 9 გემით მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულ "ისტვინდს" გადასცა.

ექსპერტები თავიდანვე მიუთითებდნენ, რომ ეს პრივატიზაცია კერძო ინტერესების ქვეშ წარიმართა და სანაოსნოს საპრივატიზაციო პროცესი თავიდან ბოლომდე აფერა იყო. უცნობია, რა უპირატესობების გამო ამარჯვებინებდნენ გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიებს. ბათუმის "საოკეანო სანაოსნოს" არა მარტო ეკონომიკური, არამედ სხვა დატვირთვაც აქვს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება. მთავრობის ბნელი პრივატიზაციის შედეგად მივიღეთ, ის, რომ სანაოსნო ისევ იყიდება, მეზღვაურების ბედი კი კვლავ გაურკვეველია", - ამბობს ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი.

და ბოლოს, მეზღვაურთა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში მთავრობა აქტიურად უნდა ჩაერთოს. მთავარი არა კომპენსაციის გაცემა, არამედ ქართველი მეზღვაურების მომავალია.