ვის დაადებს ხელს თემურ ხაჩიშვილი?

ვის დაადებს ხელს თემურ ხაჩიშვილი?

„საუკუნის პროცესთან“ დაახლოებული წრეებიდან უკვე გამოჟონა ინფორმაციამ,რომლის თანახმად საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, თემურ ხაჩიშვილის მომავალი საჯარო დაკითხვა სასამართლოზე უეჭველად იქცევა ახლახან დაწყებული წლის უმთავრეს სენსაციად.

ზოგიერთი ცნობით, ხაჩიშვილი აპირებს, „გამოასწოროს“ წინასწარი გამოძიებისას დაშვებული შეცდომა და ამჯერად ხელისუფლება დაადანაშაულოს ზოგიერთი ტერორისტული აქტის განხორციელებაში - კერძოდ, გია ჭანტურიას მკვლელობასა და გია გულუას ლიკვიდაციაში.

სხვათა შორის, ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ კახა თარგამაძესთან დაკავშირებული ცნობილი „საპარლამენტო გარჩევის“ დროს ირინა სარიშვილმა სწორედ თემურ ხაჩიშვილი (და არა ჯაბა იოსელიანი ან გიგა გელაშვილი) დაასახელა წარსულში ანალოგიურ ბრალდებათა დადასტურების მაგალითად:

„როდის ვამბობდი ტყუილს - ახლა, როცა თარგამაძეს ვამხელ თუ მაშინ, როცა ხაჩიშვილს ვადანაშაულებდი?“

ირინა სარიშვილი ფრთხილი პოლიტიკოსია. თემურ ხაჩიშვილი (და არა გელაშვილი ან იოსელიანი) მან იმიტომ დაასახელა, რომ უკვე ჰქონდა ინფორმაცია წინასწარი გამოძიებისას ხაჩიშვილის „აჭიკჭიკების“ შესახებ.

ამდენად, ხაჩიშვილი ფიგურას აღარ წარმოადგენს მაშინ, როცა გელაშვილი და იოსელიანი კვლავინდებურად მძლავრ ფიგურებად რჩებიან - მიუხედავად ციხეში ყოფნისა.

თემურ ხაჩიშვილი სერიოზული ფიგურა არც არასდროს ყოფილა. მისი ავტორიტეტი და გავლენა „მხედრიონში“ ყოველთვის მოჩვენებითი იყო. სინამდვილეში კი „მხედრიონის“ ჭეშმარიტი ლიდერები - ჯაბა იოსელიანი, თამაზ ყურაშვილი, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე - თემურ ხაჩიშვილს პაიკადაც არ აგდებდნენ, გამარჯობის ღირსადაც არ თვლიდნენ - თანასწორად აღიარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ხაჩიშვილის შემდგომი აღზევება განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ იგი (სხვათაგან განსხვავებით) შედარებით განათლებული იყო, ორი სიტყვის გადაბმაც შეეძლო და გარკვეულ პერიოდში (კერძოდ, გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლის დროს) „ელიტარულ ინტელიგენციასაც“ დაუახლოვდა.

მისი ერთ-ერთი პროტეჟე ელდარ შენგელაია გახდა. ამჟამად ხაჩიშვილის გარშემო ძალიან დიდი თამაში მიმდინარეობს: რაკი ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად იგორ გიორგაძე გამოცხადდა, „მხედრიონსა“ და „კომანდორს“ შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია თემურ ხაჩიშვილს უნდა მიეწეროს.

არადა, სინამდვილეში, ვთქვათ, გიგა გელაშვილს ხაჩიშვილის „მითითება“ სასაცილოდ არ ეყოფოდა.

„მაშველთა კორპუსის“ ლიდერი თემურ ხაჩიშვილის ჭკუაზე ნამდვილად არ ივლიდა - პირიქით, მათ დუეტში სწორედ გელაშვილი იყო ჭეშმარიტად ძლიერი პიროვნება, ხაჩიშვილი კი მხოლოდ შემსრულებელი თუ იქნებოდა.

თუმცა, მთელს ამ ისტორიას თავსა და ბოლოს ძნელად გაუგებს კაცი. რაც მთავარია, ხაჩიშვილმა პირველად მიიღო შესაძლებლობა საჯაროდ, პრესისა და ტელევიზიის თანდასწრებით თქვას სათქმელი, ანუ გახსნას თავისი კოზირები.

შესაძლოა მან ითამაშოს ამჟამად „გარეთ“ არსებულ წინააღმდეგობაზე: ახლოვდება არჩევნები. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დღითიდღე იძაბება (ეს მამალაძე-გიორგაძის ეპიზოდმაც დაადასტურა). თითოეული სიტყვა, თითოეული არგუმენტი მნიშვნელოვანი ხდება.

ხაჩიშვილსა და სხვა „მხედრიონელებს“ აქვთ საშუალება, გაამწვავონ დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ითამაშონ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა წინააღმდეგობებზე.

მაგრამ თუ ხაჩიშვილმა „მხედრიონის“ ლიდერებს შემოუტრიალა სათქმელი, „გარეთ“ კვლავ მოხდება „ანტიმხედრიონულ“ ძალთა კონსოლიდაცია. ძნელი სათქმელია, რა ნაბიჯს გადადგამს ხაჩიშვილი, როგორ გაიაზრებს ყოველივეს ან რამდენად მიაწვდიან ხმას ეშმაკი მრჩევლები „გარედან“. ყოველ შემთხვევაში, რაკი სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ხაჩიშვილს „თავი ქუდში აქვს“.