მაშ ასე: გიორგი მიქაუტაძე კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს. ცნობილი და სანდო ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ყველა დეტალი შეთანხმებულია.
„მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება და შაბათს მონაკოში ჩავა. კონტრაქტი ხელმოწერის მოლოდინშია. 20 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები. ფეხბურთელთან გრძელვადიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია“, - წერს რომანო.
ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ მიქაუტაძის სატრანსფერო საგა დასრულებულია. ქართველს „რომას“, „ვესტ ჰემს“, „ლიონს“, „ლანსს“ და „მარსელს“ უკავშირებდნენ, მაგრამ მან „მონაკო“ აირჩია, რომლის მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუტერთან და სპორტულ დირექტორ ტიაგო სკუროსთან პირადი კონტაქტი ჰქონდა.
„მეცმა“ მიქაუტაძე შარშან „აიაქსში“ 16 მილიონად გაყიდა, შემდეგ იანვარში იჯარით დაიბრუნა, ხოლო ცოტა ხნის წინ 13 მილიონად გამოისყიდა. ახლა კი, 20 მილიონად გაყიდა და ბონუსებსაც მიიღებს.
გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მათ შორის, გასულ სეზონში ლიგა 1-ში 22 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. გიორგის ასევე უთამაშია „აიაქსში“ (9 მატჩი, 0 გოლი) და ბელგიურ „სერენში“, სადაც 57 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ღირსებას მიქაუტაძე 2021 წლიდან იცავს და 29 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, რითაც ნაკრების ყველა დროის გოლეადორთა შორის უკვე ათეულშია. გიორგიმ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ევრო 2024, სადაც ოთხ თამაშში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა და ტურნირის თანაბომბარდირია.
„მონაკო“ ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული კლუბია, სადაც არაერთ დიდ ფეხბურთელს უთამაშია. მხოლოდ თავდამსხმელები რომ გავიხსენოთ, ტიერი ანრი, დავიდ ტრეზეგე, იურგენ კლინსმანი, ფერნანდო მორიენტესი, რადამელ ფალკაო, კილიან მბაპე, დიმიტარ ბერბატოვიც კმარა.
„მონაკო“ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონია და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გუნდს ავსტრიელი ედი ჰაუტერი წვრთნის, რომელსაც „ზალცბურგში“, „იანგ ბოიზში“, „აინტრახტსა“ და „გლადბახში“ უმუშავია. მონეგასკთა თავდასხმაში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, რადგან გუნდში არიან ნიდერლანდელი მირონ ბოადუ, ამერიკელი ფოლარინ ბალოგუნი და შვეიცარიელი ბრილ ემბოლო.
სხვათა შორის, ლიგა 1-ის პირველ ტურში "მონაკო" "სენტ ეტიენს" უმასპინძლებს, სადაც ზურიკო დავითაშვილი გადავიდა.