იამალი:

იამალი: "მთავარი ჯერ არ გაგვიკეთებია"

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ევრო 2024-ის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მთავარი ჯერ არ გაუკეთებიათ და ფინალი უნდა მოიგონ.

„აღფრთოვანებული ვარ, რომ ფინალში ვართ, მაგრამ ჯერ ყველაზე მთავარი არ გაგვიკეთებია, ეს არის ჩემპიონობა. რთული მომენტები იყო, მაგრამ არავის გვიფიქრია დანებება.

გოლი? ზუსტად იმ მაღალ კუთხეს ვუმიზნებდი, სადაც ჩემი დარტყმა შევიდა, აღტაცებული დავრჩი. ვცდილობ, ზედმეტი არ ვიფიქრო იმაზე, რაც ხდება, უბრალოდ მინდა სიამოვნება მივიღო და გუნდს დავეხმარო. აქ ყველა მატჩის მოსაგებად ვარ, რათა ჩემი დაბადების დღე აღვნიშნო აქ, გერმანიაში, ჩემს ყველა თანაგუნდელთან ერთად.

ფინალში მოხვედრა მართლაც განსაკუთრებულია. უნდა დავეხმარო ჩემს გუნდს და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობ. მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს ახდენილი ოცნებაა. როდესაც ფინალში გადიხარ, საუკეთესოს წინააღმდეგ უნდა ითამაშო, დაველოდებით და ვნახოთ, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე“, - თქვა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ფინალში 14 ივლისს, ინგლისის ან ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.