აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში გამართულ არაერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვიდრე უკრაინა ნატოს წევრობას მოიპოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ნატოს ლიდერები მიმდინარე კვირაში ალიანსის სამიტზე გამოავლენენ ახალ ნაბიჯებს უკრაინის შეიარაღებისთვის, თუმცა არა კონკრეტულ ნაბიჯებს უკრაინის ალიანსში წევრობისკენ.
ოფიციალური პირები კვლავ მუშაობენ სამიტის კომუნიკეზე. როგორც The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სამიტის კომუნიკეს უახლესი ფორმულირება უკრაინას შესთავაზებს „შეუქცევად“ გზას ნატოში გაწევრიანებისკენ, მაგრამ ის ასევე მოიცავს დებულებებს იმის შესახებ, რომ უკრაინამ უნდა გაატაროს ანტიკორუფციული და კარგი მმართველობის რეფორმები, ვიდრე ალიანსს შეუერთდება.
ნატოს წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის გაწევრიანების უფრო სწრაფ გზას, ცდილობდნენ შეეტანათ სიტყვა „შეუქცევადი“ სამიტის კომუნიკეში, რათა ეჩვენებინათ, რომ კიევი მიუახლოვდა ალიანსში გაწევრიანებას გასული წლის ვილნიუსის სამიტის შემდეგ, თუმცა ზოგიერთმა აღიარა, რომ ამ სიტყვას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე არსებითი.