ვაშინგტონის სამიტზე ნატო უკრაინას გრძელვადიან მხარდაჭერას დაჰპირდება, მაგრამ არა წევრობას, - ამ სათაურით სტატიას ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ნატოს ლიდერები მიმდინარე კვირაში ალიანსის სამიტზე გამოავლენენ ახალ ნაბიჯებს უკრაინის შეიარაღებისთვის, თუმცა არა კონკრეტულ ნაბიჯებს უკრაინის ალიანსში წევრობისკენ.
„ვაშინგტონის სამიტი ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პუტინს, რომ თუ ის მიიჩნევს, რომ შეუძლია გაუძლოს ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ის კვლავ ცდება“, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, ჯონ კირბიმ.
ოფიციალური პირები კვლავ მუშაობენ სამიტის კომუნიკეზე. როგორც The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სამიტის კომუნიკეს უახლესი ფორმულირება უკრაინას შესთავაზებს „შეუქცევად“ გზას ნატოში გაწევრიანებისკენ, მაგრამ ის ასევე მოიცავს დებულებებს იმის შესახებ, რომ უკრაინამ უნდა გაატაროს ანტიკორუფციული და კარგი მმართველობის რეფორმები, ვიდრე ალიანსს შეუერთდება.
ნატოს წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის გაწევრიანების უფრო სწრაფ გზას, ცდილობდნენ შეეტანათ სიტყვა „შეუქცევადი“ სამიტის კომუნიკეში, რათა ეჩვენებინათ, რომ კიევი მიუახლოვდა ალიანსში გაწევრიანებას გასული წლის ვილნიუსის სამიტის შემდეგ, თუმცა ზოგიერთმა აღიარა, რომ ამ სიტყვას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე არსებითი.
The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ ბაიდენმა თავდაპირველად უარყო გეგმა სიტყვა შეუქცევადობის სამიტის კომუნიკეში ჩართვის შესახებ და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვიდრე უკრაინა ალიანსში წევრობას მოიპოვებს.
ნატოს დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის მიდგომას მხარს უჭერს გერმანია და სამხრეთ და დასავლეთ ევროპის ზოგიერთი წევრი.