შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას: ეტყობა, როგორ კითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნებს

შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას: ეტყობა, როგორ კითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნებს

ქალბატონო თეონა [აქუბარდია], ეტყობა, როგორ კითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნებს - შეიძლება არ იცით, რომ ამ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ არსებობს,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, რომელმაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე ისაუბრა და მას „დასკვნა“ უწოდა.

ეს სიტყვა აქუბარდიამ მაშინ გამოიყენა, როდესაც „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს კითხვა დაუსვა და სთხოვა განმარტოს, რატომ აშორებს აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ევროკავშირისგან.

„აქ კონსენსუსი არ ესმით იმიტომ, რომ არც დემოკრატია არ ესმით. კომკავშირს აწვებიან ძირითადად. „ქართული ოცნება“ რომ კომკავშირს ემსგავსება, აქაც ჩანს და იმდენიც არ ესმით, რა საფრთხეა, როდესაც ერთი პარტია იღებს ყველა გადაწყვეტილებას.

მინდა გკითხოთ ვენეციის კომისიის დასკვნაზე, როდესაც ის აქცენტს აკეთებს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ცვლილებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ნდობის ფაქტორთან დაკავშირებით. რომ განუმარტოთ ამ უმრავლესობას, რომელმაც „რუსული კანონი“ მიიღო - რას ვაკეთებთ ცუდსო, როდესაც უმრავლესობით ვიღებთ გადაწყვეტილებასო. გააკეთეს უკვე ცუდი, როდესაც ქვეყანა ევროკავშირს დააშორეს მათ შორის ამ კანონით აშორებენ ევროკავშირს ქვეყანას იმიტომ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება იყო 9 ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი ნაწილი. ამ ჭრილშიც თუ გვიპასუხებთ, როგორ აშორებს ამ კანონში ცვლილება ქვეყანას ევროკავშირს, მით უფრო, ვენეციის კომისიის მისამართით თავდასხმები. შინაარსობრივად, ვენეციის კომისიის დასკვნა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან საკმაოდ იდენტურია. ასევე, ერთპარტიული გადაწყვეტილებები ნდობის კუთხით, რა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, თუმცა ამათ რომ ძალაუფლების უზურპაცია უნდათ, ეს კიდევ ერთხელ გასაგებია“,- განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ უთხრა, რომ აქაც ჩანს, ესმის თუ არა, „რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში“.

„ქალბატონო თეონა, ეტყობა, როგორ კითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნებს. უბრალოდ, მინდა გითხრათ, შეიძლება არ იცით, რომ ამ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ არსებობს. აქაც ჩანს, რამდენად კითხულობთ და გესმით თუ არა, რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში. გასაგებია, რომ თქვენ არც სხვა დასკვნებს არ კითხულობთ და ვიღაც გიკითხავთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოგვიანებით, სიტყვით გამოსვლის დროს აქუბარდიამ პაპუაშვილს მიმართა და უთხრა, რომ „სიტყვებზე გამოკიდება უყვარს“.

„ვენეციის კომისიის მოსაზრებაა, ბატონო შალვა, სიტყვებზე გამოკიდება გიყვართ ხოლმე. მოსაზრება - დასკვნა, რა მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა აქუბარდიამ.

მერაბ.g აქუბარდია ჭალაში დაკარგული, დედას და სხვებს ჩამორჩენილი ინდაურის ჭუკია, რომელიც მთელი ხმით რუყრუყებს, იქნებ ვინმეს გააგონოს
4 თვის უკან