ბრიტანული ისტებლიშმენტი შოკშია. ისეთივე შოკშია, ორი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა რომ ჩააგდო ჩვენი ლიბერალები, როდესაც უკრაინის ომის გამომწვევ "ტრიგერად" NATO-ს ფაქტორი დაასახელა. იგივე გააკეთა გუშინწინ ბრიტანული საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ულტრამემარჯვენე "რეფორმების პარტიის" თავმჯდომარემ ნაიჯელ ფარაჯმა, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ბრიტანელი პოლიტიკოსის რეიტინგი ამ განცხადების შემდეგ კი არ შემხირდა, პირიქით - გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელმა ლიბერალებმა მაშინვე შეუტიეს მას. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ წელს, ევროპაში, საინტერესო მომავალს ეყრება საფუძველი, რაც 2030 წლისთვის პოლიტიკურ კონფიგურაციას საფუძვლიანად შეცვლის.
"ბრიტანული ისტებლიშმენტი შოკშია. ისეთივე შოკშია, ორი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა რომ ჩააგდო ჩვენი ლიბერალები, როდესაც უკრაინის ომის გამომწვევ "ტრიგერად" NATO-ს ფაქტორი დაასახელა. იგივე გააკეთა გუშინწინ ბრიტანული საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ულტრამემარჯვენე "რეფორმების პარტიის" თავმჯდომარემ ნაიჯელ ფარაჯმა.
მისი რეიტინგი კი არ დაეცა მას შემდეგ, რაც მან NATO-ს დასდო ბრალი უკრაინაში ომის პროვოცირებაში - პირიქით, გაიზარდა. გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელმა ლიბერალებმა მაშინვე შეუტიეს მას და უწოდეს "ახალი ჩემბერლენი". ამასობაში კი "რეფორმების პარტია" აგრძელებს კონსერვატორებთან თავის წარმატებულ კონკურენტუნარიან წინასაარჩევნო ბრძოლას.
აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე თავის მშობლიურ კლაქტონის ოლქში მაგალითად, ფარაჯის მხარდაჭერის დონე უკვე უახლოვდება 50%-ს. როგორც მინიმუმ ამ ოლქს ის უეჭველად მოიგებს. მაგრამ თუ "რეფორმების პარტია" მოახერხებს ამომრჩეველთა ხმებით კონსერვატორების დამარცხებას, მაშინ მას შეუძლია ერთდროულად მრავალ საარჩევნო ოლქში მოგება, რომლებსაც ფაქტობრივად "ტორის" წაართმევს.
ფარაჯმა თავისი საარჩევნო კამპანიის სპეციალური ღონისძიება გამართა ლა-მანშის სანაპიროზე, როგორც არალეგალური ემიგრანტების მიმღებ ძირითად ლოკაციაზე. მხოლოდ 2023 წელს ბრიტანეთში შემოსული მიგრანტების საერთო რაოდენობამ 700 ათას ადამიანს მიაღწია.
ყოველწლიურად დიდი ბრიტანეთი, მოსახლეობის რაოდენობით, ერთი "ახალი ლივერპულით" ივსება, რომლის მოსახლეობას პაკისტანელები, ავღანელები და არაბები წარმოადგენენ. სწორედ მათზე მოდის მოსახლეობის მთლიანი ზრდის 90%. ფარაჯი ამ პროცესს "პრობლემური ქვეყნებიდან მიგრანტების ბანდების შეჭრას“ უწოდებს.
თუ ლიბერალური ისტებლიშმენტისთვის მთავარ პრობლემას რუსეთთან დაპირისპირება წარმოადგენს, ქვეყნის ნომერ პირველ თავის სატკივარს ფარაჯისთვის, ისევე როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის - სწორედ არალეგალური ემიგრაცია წარმოადგენს.
საკუთარი საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთ ძირითად სლოგანად ფარაჯმა თანამედროვე ბრიტანეთში "ტეტჩერიზმისა" და კაპიტალიზმის სიკვდილი გამოაცხადა. ქვეყნის ოდესღაც ეს ორი მამოძრავებელი ძალა სახელმწიფოსა და მონოპოლისტი-კორპორაციების სიმბიოზმა ჩაანაცვლა.
სწორედ ამას უნდა დაუპირისპიროს ფარაჯმა თავისი პოლიტიკური ძალისხმევა. ამ ეტაპზე ბრიტანულ deep state-ს ის რა თქმა უნდა ვერ მოერევა, მაგრამ კონსერვატორების დამარხვას, მათ მომაკვდავ "ტეტჩერიზმთან" ერთად
ალბათ შეძლებს.
მოკლედ ევროპაში, გინდ კონტინენტზე და გინდ კუნძულებზე მიმდინარე საარჩევნო მოვლენებით, წელს ძალზე საინტერესო მომავალს ეყრება საფუძველი, რომელმაც 2030 წლისთვის ჩვენთვის ჩვეულ პოლიტიკურ კონფიგურაციას დიდი ალბათობით, საფუძვლიანად შეცვლის. არა მგონია, სადმე გვეჩქარებოდეს..." - წერს ქართველიშვილი.