ზაალ მიქელაძე: ევროპა საერთოდ შეიცვალა, მგონია, რომ სულ სხვა სამყაროზე ვსაუბრობ და ეს, ის ევროპა არ არის. ის ევროპა ჯობდა, რომელიც ღირებულებებზე იყო დაფუძნებული

ზაალ მიქელაძე: ევროპა საერთოდ შეიცვალა, მგონია, რომ სულ სხვა სამყაროზე ვსაუბრობ და ეს, ის ევროპა არ არის. ის ევროპა ჯობდა, რომელიც ღირებულებებზე იყო დაფუძნებული

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე ევროპის ქვეყნების ლიდერებს ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ევროპის ქვეყნების ლიდერები შეიცვალნენ და ევროპამ ღირებულებები დაკარგა. ზაალ მიქელაძე განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს, ევროპელი ლიდერები სხვანაირ ოპტიმიზმს ბადებდნენ. 

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ძველი ევროპა სხვა ღირებულებებზე და პრინციპებზე იყო დაფუძნებული. მიქელაძის თქმით, ევროკავშირის არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბერალურ ღირებულებებს აყოლილი ევროპელი ლიდერები სუვერენული ქვეყნების უფლებებს არღვევენ და ეს საზოგადოებას არ მოსწონს.

„ევროპაში ისეთი ლიდერები ჰყავდათ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, მათი სახელებისა და გვარების გაგონება სხვანაირ ოპტიმიზმს ბადებდა. მე მათგან არასდროს მინახავს დემოკრატიის სხვანაირი გააზრება. ახლა საერთოდ შეიცვალა, მგონია, რომ სულ სხვა სამყაროზე ვსაუბრობ და ეს, ის ევროპა არ არის. რა დავაშავეთ ჩვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ვფიქრობთ - ის ევროპა ჯობდა, რომელიც  ღირებულებებზე იყო დაფუძნებული.  ევროკავშირის არჩევნებმაც აჩვენა, რომ ის ნაწილი, რომელიც  ტურბულენტობის დროს აჰყვა იმას, რაც ე.წ ლიბერალიზმმა მოიტანა - ამ თამაშში გართულები, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდნენ და ეს სხვაგან უკვე ბევრ უფლებას არღვევს.“- აღნიშნა მიქელაძემ.