ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას.
მანამდე თეონა აქუბარდიამ აღნიშნა: „რას ეუბნებით ჯარისკაცებს? ბატონო შალვა, თქვენ რომ იყავით ჯარში წასული სამხედრო მაისურით, ზელენსკის სტილში, რა უთხარით თქვენს ჯარს, რა გააკეთეთ აქ? გააკეთეთ ის, რომ ამერიკული დაფინანსება ქართული ჯარისთვის გაყინული იქნება, ევროკავშირის 33-მილიონიანი დაფინანსება შეიძლება გაიყინოს წელს და გაისად კაცმა არ იცის, რა მოხდება. ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იმ ამოცანებს, რასაც შეკავება და თავდაცვა ჰქვია, შეასრულებს თუ არა? ჯარს რას ეტყვით? ამდენი ტყუილები, დეზინფორმაცია, ქვეყნის მტრობა და ღალატი ნორმალური არ არის“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დეზინფორმაცია ევროპარლამენტმა იკადრა რეზოლუციებში, სადაც სააკაშვილზე საუბრობდა, თუმცა თეონა აქუბარდიას მაშინ ხმა არ ამოუღია.
„ქალბატონო თეონა, ბატონ ბორელს ჰყავს პრესსპიკერი, ბატონი სტანო. თქვენც თუ ითავსებთ, თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ, არ ხართ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერი და დღეს ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საუბრობთ უცხოეთზე. რაც შეეხება დეზინფორმაციას, დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში, სადაც სააკაშვილზე საუბრობდა. ხმა ამოიღეთ საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ ტყუილს რომ ამბობდა ევროკავშირის ერთ-ერთი სტრუქტურა? ევროპარლამენტი ტყუილს რომ ავრცელებდა, თქვენ, საქართველოს მოქალაქემ და პოლიტიკოსმა ხმა ამოიღეთ? არ ამოიღეთ, რადგან თქვენთვის საქართველოს ინტერესი არის ნული, უცხოელებს უყურებთ. ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი. რა შუაშია თქვენი კომენტარები? ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, დამოკიდებულებას. უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის, ოთხი წუთი საუბრობდა უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერის პოზიციიდან ქალბატონი თეონა და თვითონაც დაადასტურა, მისი პრესსპიკერიც ოფიციალურად ამავეს ამბობსო.
უსამშობლობის მთავარი პრობლემა, დიაგნოზი არის, როდესაც აქ, სხდომათა დარბაზში ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები, რომლებიც უნდა საუბრობდნენ ქართველი ხალხის ინტერესებით და სახელით, გვესაუბრებიან იმ დღის წესრიგით, უცხოელი პოლიტიკოსი რა პრესკონფერენციას ჩაატარებს. არ არსებობს ამაზე მეტი ლუსტრაცია და დასტური, რომ ატარებენ არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ქვეყნების, პოლიტიკური ჯგუფების გავლენას და ინტერესებს საქართველოში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.