დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში თემატური მოკვლევის - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენს პოლიტიკურ გუნდს განსაკუთრებით აქვს ყურადღება გამახვილებული დიასპორის საკითხებზე. ეს იყო, მათ შორის, განმაპირობებელი იმის, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმების შედეგად, დიასპორაზე ზრუნვა საკონსტიტუციო დონეზე იქნა აყვანილი. ჩვენი, როგორც პარლამენტის ვალდებულებაა, რომ საკანონმდებლო ბაზა იყოს რაც შეიძლება წამახალისებელი, რომ ჩვენს დიასპორელებს გაუადვილოს სამართლებრივი მდგომარეობა, მათი კავშირი საკუთარ სამშობლოსთან იყოს უფრო ადვილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სიძლიერე, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, განსაკუთრებით დღევანდელი გლობალიზაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია დიასპორის აქტიური მონაწილეობის გარეშე და დიასპორა, რა თქმა უნდა, არის ის განსაკუთრებული აქტივი, რომელიც საქართველოს გააჩნია.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კარგად ჩანს, თუ როგორ დიდ ყურადღებას აქცევენ ქართულ კულტურას დიასპორულ საზოგადოებაში.
„ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ეკლესიას, რომელიც მიზიდულობის კერაა ყველა ქართველისთვის, იმისთვის რომ მოხდეს არა მხოლოდ სულიერი საკვების მიღება, არამედ ასევე კულტურის შენარჩუნება, ბავშვებისთვის ენის სწავლება, საკვირაო სკოლების ორგანიზება და ა.შ. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ეკლესიას და დიასპორულ ორგანიზაციებს ასეთი განსაკუთრებული სინერგიისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორული კაპიტალის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემატურ კვლევას კიდევ უფრო სიღრმისეული კვლევა მოჰყვება. რა რესურსიც გააჩნია ჩვენს დიასპორას, ინტელექტუალური იქნება თუ ეკონომიკური, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, თსუ-ს მიგრაციის კვლევის ცენტრის მკვლევარმა ნათია ჭელიძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ და საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორის მოადგილე, დეკანოზმა არჩილმა.
თემატური მოკვლევის მიზანი და შედეგები ღონისძიების მონაწილეებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ გააცნო.
„უკვე მრავალი წელია ქართული დიასპორა ძალიან მძლავრად უდგას ქართულ ეკონომიკას და სახელმწიფოს გვერდში. ჩვენ გვინდა, რომ აქტიურად ვიმუშაოთ დიასპორასთან, რომ მათ განაპირობონ სლოგანი - „ძლიერი დიასპორა, ძლიერი საქართველო“. საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლში ასახულია, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით შევისწავლეთ ბევრი ქვეყნის მაგალითი, გავეცანით სტატისტიკას და იმ მიგრაციულ პროცესებს, რომელსაც იწვევს ვიზალიბერალიზაცია და ზოგადად, ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების საშუალება, რომელიც ვფიქრობ, წაადგება ამ კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, მოკვლევის ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობდა ირლანდიის სახელმწიფო ინსტიტუტებთან და დიასპორის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტებთან.
თემატური მოკვლევის მიზანი იყო იმის გამოვლენა, თუ როგორ შეიძლება დიასპორული ჩართულობის უფრო მდგრადი სისტემის შექმნა საქართველოს განვითარებისთვის და დიასპორული კაპიტალის ეფექტიანი მოზიდვა.
პრეზენტაციის ფარგლებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ონლაინ ჩართვა განხორციელდა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თემატური მოკვლევა პარლამენტის დიასპორასა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით განხორციელდა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.