ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაძლევს.
ჩიხელიძის თქმით, ვეტოს დაძლევა საჭიროა ცესკოს, როგორც ინსტიტუტის სტაბილურობისთვის. მისივე განმარტებით, ზურაბიშვილის ხელში ვეტო საბოტაჟის ინსტრუმენტია და ის ოპოზიციასთან ერთად ცდილობს, დაამკვიდროს ტერმინი ერთპარტიული ცესკო.
“მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი დაძლევს სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონს დაადო. პრეზიდენტის ხელში ვეტო საბოტაჟის ინსტრუმენტია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არა საჭიროებისამებრ, პოლიტიკური შეხედულების მიხედვით გამოიყენება, რაც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.
კანონით განსაზღვრულია, რომ ვეტოს დადების შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები უნდა წარუდგინოს, რაც პრეზიდენტის მხრიდან არაჯეროვნად სრულდება და როგორც წესი მათი მოტივირებული შენიშვნები ერთი სიტყვით გამოიხატება, რატომ დაადეთ ვეტო? იმიტომ!
პრეზიდენტი და ოპოზიცია ცდილობს დაამკვიდროს ტერმინი ერთპარტიული ცესკო, ასეთი აბსურდი რომ დაიჯერო უმეცარი უნდა იყო, როგორც ჩანს მათ საკუთარი ამომრჩეველი სწორედ ასეთად წარმოუდგენიათ, რადგან მსგავსი ტყუილის გავრცელებას ბედავენ. რეალურად ცესკო 17 წევრისგან შედგება, რომელთაგან 9 პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია, მათ შორის 8 წევრს ოპოზიციური პარტიები ნიშნავენ. დანარჩენი კი პროფესიული ნიშნით არის არჩეული, როგორ შეიძლება ერთპარტიული უწოდო ინსტიტუტს, რომლის 8 წევრს ოპოზიციური პარტია ნიშნავს?
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა საჭიროა, ცესკოს, როგორც ინსტიტუტის სტაბილურობისთვის და მდგრადი განვითარებისთვის,”- წერს დავით ჩიხელიძე.