არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მომსვლია აზრად, რომ პოლიტიკიდან წავიდე - გენპროკურორად რომ გადახვალ, პოლიტიკიდან მიდიხარ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის კანდიდატურის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად.
„მთავარმა არხმა“ თან გვითხრა, რომ ანრი ოხანაშვილი დასანქცირებულია, რის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, თან გვითხრა, რომ ვაპირებთ გენერალურ პროკურორად მის წარდგენას და თან კითხვა დამისვა, გენერალური პროკურორი რომ დასანქცირებული იქნება, როგორი საქმეაო, არც ერთია მართალია, არც მეორე და როგორ გიპასუხოთ ამაზე?
კვირებია უკვე, ჩემზე ლაპარაკობთ პირადად, არც ერთი წამი ამაზე საუბარი არ ყოფილა და არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მომსვლია აზრად, რომ პოლიტიკიდან წავიდე. გენპროკურორად რომ გადახვალ, პოლიტიკიდან მიდიხარ, მე არ მიფიქრია ამაზე. ვერსიის დონეზეც კი ამის განხილვა საუბარშიც კი არ ყოფილა, ანუ ცალსახა ტყუილი იყო.
ანრი ოხანაშვილზე მისვამთ კითხვას, ორ ტყუილს შეიცავს ერთი კითხვა. 27 რიცხვამდე არის კანდიდატების წარდგენა. სამ დღეში ხომ ვნახავთ, რომ არც ანრი ოხანაშვილი იქნება იქ წარდგენილი, არც მამუკა მდინარაძე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.