მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევის გადაწყვეტილებაზე.
„მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა იმიტომ, რომ არის საკითხები, სადაც ფაქტებს ვერავინ გაურბის.
საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის არის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი და ყველაზე ბევრი გვაქვს გაღებული ამისათვის. ჩვენ მსხვერპლი გავიღეთ მსოფლიოში მშვიდობისათვის, რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დავკარგეთ და რამდენიმე ასეული შშმ პირი გვყავს ბრძოლებში დასახიჩრებული, ქართული სისხლი გავიღეთ ამისათვის. ეს მოწვევაც, ის აღიარებებიც, კვლევებიც დემოკრატიის წინსვლაზე, ევროპასთან და ნატოსთან ახლო და მჭიდრო ურთიერთობაზე მეტყველებს, ფაქტებისგან ვერ გაქცევას ნიშნავს. ამიტომ არის, რომ ერთი მხრივ, ვიღაცების პათოსი და საუბარი ერთ მხარესაა, სინამდვილე და პროგრესი - მეორე მხარეს. ეს მეორე მხარე არის ქართული და ამავდროულად ევროპული გზა”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ აშშ-მა გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მიიწვიოს.