აქტივისტები ხვდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ქუჩაში, დავალება აქვთ პირდაპირ მიღებული, წამახალისებელი ღონისძიებებიც არის, თანხაა ამაზე გამოყოფილი, 500 დოლარი თითო ვიდეოსათვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით „საუკუნის თაღლითობაში“ გაეხვა ბევრი ადამიანი საქართველოში.
„მათ ირწმუნეს, რომ მართლაც რუსულ კანონს ვიღებთ. ამაში აქტივისტები იმ დონეზე არიან ჩართულები, რომ ხვდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ქუჩაში, დავალება აქვთ პირდაპირ მიღებული, წამახალისებელი ღონისძიებებიც არის, თანხაა ამაზე გამოყოფილი, 500 დოლარი თითო ვიდეოსათვის, მაგრამ, მაგრამ ბოლოს რამდენიმე შემთხვევა იყო, ჩვენმა დეპუტატებმა აქტივისტებთან კამათი ვიდეო შემდეგ სოციალურ ქსელში ვეღარ ნახეს იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ის აღარ აწყობდათ.
ასევე, გამოაქვეყნეს დეპუტატების პირადი მონაცემები. მაგალითად, შარშან პირადად მე საკმაოდ უკმეხი პასუხი რომ დავუბრუნე იმ ადამიანს, ვინც ჩემი მისამართით რაღაც იკადრა“ნახევარ საათში „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა. წელს არაერთი ასეთი პასუხი იყო და არც ერთი არ გამოუქვეყნებიათ, ესე იგი არ აწყობთ. ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ დეპუტატებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე. მათ უნდათ, რომ უმრავლესობის დეპუტატები წარმოაჩინონ დაბულინგებულად, შეშინებულად. ასეთ მარაზმში აცხოვრებენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კრიტიკა არარელევანტურია. თუ თავად ამბავი ტყუილზეა დაფუძნებული, შემდეგ ამ ტყუილ ამბავზე დაფუძნებული კრიტიკა არარელევანტურია და ამ კრიტიკას ვერ მივიღებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო სანქციების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის დასანქცირებული.
„უკვე ათწლეულებია, არ აძლევენ ვიზებს - შედიან სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის საელჩოში და ვიზებს ვერ იღებენ. მათ რიცხვს თუ დაემატება მამუკა მდინარაძე, ამით განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება. როცა ჩვენ ვეუბნებით, ვიზალიბერალიზაცია გაუკეთეთ ქართველ ხალხს, ამ დროს აქეთ სანქციებით გველაპარაკებიან, თუმცა, ჯერჯერობით, ვირტუალურია ეს სანქციები. მოვუწოდებ ყველა მეგობარს, ტყუილ ამბავზე დაფუძნებული კრიტიკა გადადონ გვერდით და რეალობიდან გამომდინარე ვილაპარაკოთ ჩვენს შემდგომ წარმატებულ ურთიერთობებზე, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ურთიერთობებზე, რომლის ერთგული ჩვენ ვართ რეალურად. თითის ქნევასა და დავალების შესრულებაშია განსხვავება - ჩვენი ოპონენტები საიდანღაც თითის ქნევას და დავალებების შესრულებას არიან მიჩვეულები, ჩვენ არც თითის ქნევას ვართ მიჩვეული, არც შევეგუებით, საქართველოს საუკეთესო და ევროპული ინტერესებიდან გამოვალთ ყოველთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.