ქართველი ხალხის დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შესახებ, სადაც გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხო ზომები განიხილეს.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, კანონის მიღების საპასუხოდ ნეგატიური შედეგები ორი მიზეზით ვერ დადგება. ამ მიზეზებს შორის ის ასახელებს იმას, რომ გამჭვირვალობის კანონის ე.წ. რუსულ კანონად შეფუთვა იყო საუკუნის თაღლითობა.
„ასეთი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ახლა მიიღო კანადამ ანუ თანამედროვე ტრენდი და გამოწვევაა და საქართველომაც მიიღო. მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა თურმე და დიდებს შეუძლიათ რაღაცის მიღება, გაცილებით მკაცრის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, უდიდესი ფინანსური სანქციებით და საქართველოს თურმე, არ შეუძლია ამის გაკეთება და ამიტომ საქართველოში ეს კანონი რუსულია. ეს არის საუკუნის თაღლითური პროექტი და ამას ასე არ გავატანინებთ, ეს არის პირველი მიზეზი. რატომაც არ ველოდებით რაიმე ნეგატიურ შედეგებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე დასვა კითხვა - თუ კანდიდატის სტატუსი ქართულ საზოგადოებას მიანიჭეს, ახლა ქართველი ხალხის დასჯას აპირებენ?
„გვახსოვს, ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველოს წარმატება ჩამოშორებოდა საქართველოს მთავრობას, ხელისუფლებას და მიეწერათ მხოლოდ ქართველ ხალხზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველი ხალხის დამსახურებაა ყველაფერი - ჩვენი არჩევაც, ხელისუფლებაში რომ ვართ, კანდიდატის სტატუსიც და ევროპულ გზაზე ყველა წინა წარმატებაც, რომელსაც აღასრულებს საქართველოს ხელისუფლება. წინა შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას, ქართულ საზოგადოებას მიანიჭეს და ახლა ქართულ საზოგადოებას დასჯიან? რა ლოგიკაა? კი, ბატონო, ეს ვირტუალური სანქციები დაგვიწესონ ჩვენ, თანახმა ვართ ამაზე და ბევრჯერ გვითქვამს, თავსაც სწირავდა ქართველი კაცი და ქართველი ქალი თავის სამშობლოს, მაგრამ ქართვლი ხალხის დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.