კვლავ ერთგულნი ვართ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ იმ იმედით, რომ საქართველო მოაგვარებს არსებულ გამოწვევებსა და გაატარებს ძირეულ რეფორმებს, რათა კომისიამ შეძლოს ევროკავშირის გზაზე ქვეყნის დაბრუნების განხილვა, - განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.
მან ხელისუფლება გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და სხვა კანონები [საუბარია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე] ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს.
ოლივერ ვარჰეიმ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.
„26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა მიგნებებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც მოხდა მაღალი დაძაბულობისა და პოლარიზაციის გარემოში. ეს წინასწარი მიგნებები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც უკვე იყო გამოკვეთილი ევროკომისიის წინა ძირითად რეკომენდაციებში. ჩვენი მხრიდან, კვლავ ერთგულნი ვართ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ იმ იმედით, რომ საქართველო მოაგვარებს არსებულ გამოწვევებსა და გაატარებს ძირეულ რეფორმებს, რათა კომისიამ შეძლოს ევროკავშირის გზაზე ქვეყნის დაბრუნების განხილვა“, - აღნიშნა ვარჰეიმ.